რის შესახებ ესაუბრა ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს

“ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 12 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც “ნეტგაზეთს” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა პავლიაშვილმა უთხრა, საუბარი სხვა საკითხებთან ერთად შეეხო პოლარიზაციას საარჩევნო პერიოდში და მუქარის წერილებს, რაც, ზურაბიშვილის ცნობით, ბოლო დროს მიიღეს მან და მისმა ოჯახის წევრებმა.

როდესაც ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას და მის შვილებს – თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებს — სმს-ებით და ხმოვანი შეტყობინებებით ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, შსს-სთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მოუწოდებდა რეაგირებისკენ.

როგორც ირმა პავლიაშვილი ამბობს, პირველ რიგში, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ უსაფრთხო საარჩევნო გარემო შექმნას და ნებისმიერ იმ ფაქტს, რომელიც სისხლის სამართლის ან საარჩევნო კოდექსის დარღვევის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს სახელმწიფოს მხრიდან.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” (TI) შსს-ს 12 ნოემბერსვე მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ სალომე ზურაბიშვილსა და მისი ოჯახის წევრებზე შესაძლო მუქარის ფაქტი.

შსს-ს ცნობით,  გამოძიება უკვე მიმდინარეობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე.

პავლიაშვილის თქმით,  ზურაბიშვილმა NGO-ებთან შეხვედრაზე უფრო დეტალურად ისაუბრა მუქარაზე და წერილების შინაარსზე, თუმცა მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მისივე ცნობით, არასამთავრობოების წარმომადგენლებმა მიიღეს პირობა, რომ ამ მტკიცებულებებს გაუზიარებენ.

ამას გარდა, პავლიაშვილის თქმით, ზურაბიშვილი საუბრობდა, რამდენად პოლარიზებულია წინასაარჩევნო გარემო და რა შეურაცხმყოფელი განცხადებები და მუქარა ისმის მის მიმართ.

“დავეთანხმეთ, რომ პოლარიზებული გარემოა და არამხოლოდ პოლიტიკოსებში, არამედ მედიაში. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია”,- ამბობს პავლიაშვილი.

შეხვედრას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე. როგორც მშვენიერაზე წერს ფეისბუკზე, მან ზურაბიშვილს სთხოვა, დაესახელებინა თუნდაც ერთი ფაქტი, როდესაც ის საჯარო თავდასხმის ობიექტი გახდა გენდერული ნიშნით, რადგან, მშვენიერაძის თქმით, სწორედ ეს იყო ზურაბიშვილის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი.

როგორც მშვენიერაძე წერს, პასუხად ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ასეთი ბევრი ფაქტი არსებობს, თუმცა ვერ დაუსახელა და შეჰპირდა, რომ მისი ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია მიაწვდის მასალებს.

პავლიაშვილის თქმითაც, ზურაბიშვილის ადვოკატებს სთხოვეს, მაქსიმალურად სწრაფად მიაწოდონ ასეთი დოკუმენტები და მიიღეს კიდეც პირობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.