ახალი ამბები

“Check in Georgia ძველი ფორმით აღარ იქნება” – მთავრობა Black Sea Arena-ს ინტენსიურ გამოყენებას გეგმავს

12 ნოემბერი, 2018 • 1556
“Check in Georgia ძველი ფორმით აღარ იქნება” – მთავრობა Black Sea Arena-ს ინტენსიურ გამოყენებას გეგმავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ Check in Georgia-ს პროგრამაზე დახარჯული თანხები სახელმწიფოს შეეძლო უფრო ეფექტურად განეკარგა. მისი თქმით, 2019 წელს სახელმწიფოსგან დაფინანსებული პროგრამა ფორმას შეიცვლის.

“Check in Georgia-ს პროგრამა იმ ფორმით, რა ფორმითაც აქამდე იყო, აღარ იქნება. ჩვენ ამ პროგრამის რადიკალური გადახედვის გადაწყვეტილება მივიღეთ. ერთ-ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ გადავწყვიტეთ Black Sea Arena ინტენსიურად გამოვიყენოთ. Black Sea Arena არის ის აქტივი, რომელშიც ძალიან დიდი თანხაა ჩადებული. ისე გამოვიდა, რომ ეს დიდი აქტივი სახელმწიფომ უფასოდ მიიღო. ვფიქრობთ, ამ აქტივის გამოყენება იქნება ის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც დარჩება Check in Georgia-ს პროგრამიდან. ჩვენ არ ვფიქრობთ რომ ამ პროექტის სხვა ნაწილები ეფექტური იყო. ვთვლით, რომ ის თანხები, რაც ამ პროგრამაზე დაიხარჯა, შეგვეძლო სხვა სფეროში უფრო ეფექტურად გამოგვეყენებინა”,-აცხადებს გიორგი ქობულია.

საკონცენრტო დარბაზი  Black Sea Arena ფონდმა “ქართუმ” ააშენა და 2016 წელს სახელმწიფოს აჩუქა. მთავრობის ცნობით, საკონცერტო დარბაზი 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მათივე ცნობით, მშენებლობაში ფონდმა  200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი