ახალი ამბებისამართალი

ბერი ნიკოლოზის მეზობლის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

12 ნოემბერი, 2018 • 4755
ბერი ნიკოლოზის მეზობლის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

11 ნოემბერს, საღამოს, ბარნოვის ქუჩაზე “მდუმარე” ბერი ნიკოლოზის მეზობელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ძალადობაში ბრალდებული სწორედ ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლის წევრია. ერთ-ერთმა მეზობელმა, რომელიც პროფესიით ადვოკატია, ბერის სამეზობლოს სახელით უკვე შეიტანა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ მაქარაშვილისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ.

ბერი ნიკოლოზი ბარნოვის ქუჩაზე ერთი წელია ცხოვრობს, სადაც მისი მიმდევრები ხშირად მიდიან, გალობენ და ლოცულობენ. მრევლი ელოდება ნიკოლოზ მაქარაშვილის გამოჩენას, რომელიც მათ ასანთის ღერებს ურიგებს. სახლის ორი სართული ბარნოვის ქუჩაზე მას ერთ-ერთმა მორწმუნემ დაუთმო, რომელიც, ტელეიმედის ინფორმაციით, თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანია, ხოლო ბერი ნიკოლოზი ახლა მათაც აღარ უშვებს საკუთარ სახლში.

ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლსა და მეზობლებს შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბერმა განცხადება გამოაკრა მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ბინის კარზე, სადაც ცხელი წყლის არქონას მეზობლებს აბრალებს. მეზობლები ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ ამ განცხადების შემდეგ თითქმის ყოველდღიურად უწევთ სხვადასხვა აგრესიული ჯგუფების მოგერიება.

“თერმექსი არ მუშაობს!!! გაჩერდა! ჩადით ქვედა მეზობლებთან და მოაშვებინეთ ცხელი წყლის ვენტილი!!! მთელ მსოფლიოს აქვს ცხელი წყალი ჩემს გარდა!!! მარტო მე, ნარიმანს არ მაქვს ცხელი წყალი!!! ერთი ცალი ვარ და მაინც მე დამსდევთ მოსაკლავად!! მაწამებთ!! ცხოვრება ჯოჯოხეთია!!!” – წერია ბერი ნიკოლოზის მიერ დაწერილ განცხადებაში.

მეზობლები პერიოდულად აქვეყნებენ კადრებს, სადაც ასახულია, როგორ ასხამს ბერი ნიკოლოზი ფანჯრიდან ზეთს და ყრის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.

“როცა ეს კაცი ზეთს აივნიდან ასხამს და გუბდება ზეთი, მოდის ხოლმე მისი მრევლი, ალბობენ ნაჭერს ან ხელსახოცს და ისვამენ სახეზე”, – ამბობს ტელეიმედთან საუბრისას ერთ-ერთი მეზობელი.

ბერი ნიკოლოზის სახელი პერიოდულად ხმაურიან ინციდენტებში ფიგურირებს. ბოლო ორი დაპირისპირება იმ სახლებს უკავშირდება, სადაც ნიკოლოზ მაქარაშვილი დროებით ცხოვრობდა და მეპატრონის მოთხოვნის მიუხედავად, გასვლაზე უარს ამბობდა. გასული წლის დეკემბერში ბერის მხრიდან პოლიციელებისადმი ძალადობის საქმეს შსს იძიებდა.

ბერი ნიკოლოზის შესახებ რამდენიმე დღის წინ სიუჟეტი “იმედის დღემ” მოამზადა და ეწვია იმ ადგილს, სადაც ნიკოლოზ მაქარაშვილი ამჟამად ცხოვრობს. ადამიანს, რომელსაც მისი მიმდევრები მეფეს, პატრიარქს, იდეალს, ანგელოზს და ღმერთსაც უწოდებენ, საქართველოს საპატრიარქომ მღვდელმსახურება 20 წელზე მეტია რაც შეუჩერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი