ახალი ამბები

NGO-ები შსს-ს ზურაბიშვილის ოჯახზე შესაძლო მუქარის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებენ

12 ნოემბერი, 2018 • 1875
NGO-ები შსს-ს ზურაბიშვილის ოჯახზე შესაძლო მუქარის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები შსს-ს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გამოიძიონ სალომე ზურაბიშვილსა და მისი ოჯახის წევრებზე შესაძლო მუქარის ფაქტი.

”სამართლიანი არჩევნები” (ISFED) და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” (TI) შსს-ს  მოუწოდებენ, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ სალომე ზურაბიშვილსა და მის ოჯახზე შესაძლო მუქარის ფაქტები. ორგანიზაცების განცხადებით, მუქარა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატი საუბრობს, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

ISFED-ში აცხადებენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებულია და ვლინდება აგრესიული რიტორიკა, რაც შეშფოთებას იწვევს:

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისა და განცხადებისაგან, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს საარჩევნო გარემოსთვის ძალადობრივი ფონის შექმნა” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

TI კი მოუწოდებს პრეზიდენტობის კანდიდატებს, რაც არ უნდა მაღალი იყოს მათ შორის კონკურენცია, აუცილებელია, რომ პოლიტიკური მეტოქეობა კანონის და ეთიკის ფარგლებში დარჩეს:

ვფიქრობთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის რაც არ უნდა მაღალი იყოს კონკურენცია, აუცილებელია, რომ პოლიტიკური მეტოქეობა დარჩეს კანონისა და ეთიკის ფარგლებში. მოვუწოდებთ ყველა კანდიდატისა და პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერს, თავი შეიკავონ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მუქარისა და არაეთიკური ქცევისგან”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ზურაბიშვილის განცხადებაზე შესაძლო მუქარის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემაც. სულხან სალაძეც, TI-სა და ISFED-ის მსგავსად, შესაბამის უწყებებს ფაქტების შესწავლისკენ მოუწოდებს:

“წინაასარჩევნოდ (და არა მხოლოდ) სიმშვიდის და წონასწორობის მაგალითი თავად პრეზიდენტობის კანდიდატები და პოლიტიკური პარტიები უნდა იყოთ, მაგრამ გადახედეთ ბოლო თვეების რიტორიკას და ბევრი პრობლემის პასუხს იოლად იპოვით”, – წერს სალაძე პირად “ფეისბუკ” გვერდზე.

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, 9, 10 და 11 ნოემბერს მას და მის შვილებს – თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებს გაეგზავნათ სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლად არის გამოკვეთილი სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

“სხვადასხვა უხამსი სიტყვებით სამივეს მიმართულებით გაჟღერდა: “შუბლს გაგიხვრიტავ”, “თქვენს სისხლს დავლევ”. მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენტიფიცერებულები არიან –  ყოფილი სამხედროები, თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, დაკავშირებულები “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის მეთაურებთან.

ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომ ასეთი ადამინები, ვინც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალის სახელით, იმ ძალის, რომელიც ქართული ვაჟკაცობის, ღირსების სიმბოლოა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მას არ დაუსახელებია მუქარის ავტორი  პირების სახელები და გვარები.

თუ იყო ზურაბიშვილზე მუქარა, ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ – გიორგი ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი