ვინ რა თქვა “ოცნებიდან” პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე?

10 ნოემბრის საღამოს ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს “ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატი იმავე დღეს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. უკვე 11 ნოემბერს კი არაერთმა მათგანმა პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირება და მისი წინაპირობები მედიასთან საუბრისას შეაფასა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც პოლიციის მიერ დემონსტრანტთათვის ჯერ კიდევ გაუშლელი კარვების წართმევით დაწყებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი იყო. მან ფეისბუქზე დაწერა, რომ კარვის გაშლა ვერ აიკრძალება, თუ ის რაიმე ხელოვნურ დაბრკოლებას არ ქმნის.

“არ არსებობს ნორმა რომელიც კრძალავს კარვის გაშლას თუ ეს არ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას ტრანსპორტისთვის ან ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უქმნის რეალურ საფრთხეს”, – დაწერა მან და მერიასა და შსს-ს ამის გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

დაპირისპირების ღამესვე გამოეხმაურა ინციდენტს “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანიც. ჩუგოშვილისგან განსხვავებით, მას არაფერი უთქვამს პოლიციის ქმედებების მიზანშეწონილობაზე და სავარაუდოდ, ზაზა სარალიძის მისამართით დაწერა:

“მძიმე საყურებელია ეს ყველაფერი… და არანაკლებ მძიმეა ფაქტი, როგორ იყენებენ ადამიანის ემოციურ მსხვრევას”.

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ შვილმოკლულ მამებს აქვთ უფლება, გაშალონ კარავი და ასე გამოხატონ პროტესტი.

“თუ კარვის დადგმაზეა საუბარი, ზაზა სარალიძეს ამის უფლება გააჩნია. მე ვფიქრობ, მას ეს უფლება არ უნდა შეეზღუდოს. ჩვენ არავის არ შევუზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას,- ეს ჩვენი სტილი არ არის”, – აღნიშნა მან, ასევე გააკრიტიკა “ნაციონალური მოძრაობა” და განაცხადა, რომ პარტია შვილმოკლულ მამას “ბინძურად” იყენებს

მმართველი პარტიის წევრსა და გლდანის მაჟორიტარ ლევან კობერიძეს კარვის განთავსების მიზანშეწონილობა არ შეუფასებია; თქვა, რომ მეტი ორგანიზებულობის საჭიროებას ხედავს და არასამთავრობოებსაც მისცა რჩევა:

„ფაქტი ალბათ შეიძლებოდა მომხდარიყო უფრო ორგანიზებულად, მათ შორის არასამთავრობოების მხრიდან. რაღაც შეიძლება მოგწონდეს ან არა, თუმცა არასამთავრობოები ზოგადად რომ აქტიურები არიან, ამაში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ. მაგრამ ფორმები უნდა იყოს იმდაგვარი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ნებით თუ უნებლიეთ არ გახდნენ პოლიტიკური ავანსცენის ნაწილი,“-ამბობს ის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური უფლება არ არის, თუმცა სახელმწიფო მის დაცვას უზრუნველყოფს. მან შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე მიანიშნა.ა

„იმის გათვალისწინებით, რომ გამოხატვისა და შეკრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ის შეიძლება შეიზღუდოს ცალკეულ შემთხვევებში, სწორედ ამ შეზღუდვის პროპორციულობაზე შეიძლება ვისაუბროთ. როცა სამართალდამცველები ამბობენ, რომ კონკრეტული ინფორმაცია აქვთ, რომელიც შეიძლება საზოგადოების დაცვის კუთხით იყოს მნიშვნელოვანი, უნდა შეაფასონ, დგას თუ არა ამ უფლების შეზღუდვის აუცილებლობა.

…გამოხატვის უფლებას უზრუნველვყოფთ, თუმცა თუ მოხდება ამ უფლების შეზღუდვა, შესაბამისად, გაკეთდება განმარტებები, რაზეც საუბრობდა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ არსებობს გარკვეული ინფორმაციები, რომ საზოგადოების უსაფრთხოებისა და დაცვისთვის უნდა მოხდეს რეაგირება“, – აღნიშნა მან.

პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი კი “პროვოკაციის მცდელობაზე” საუბრობს, რომელსაც მისი თქმით, პარლამენტის შენობასთან ჰქონდა ადგილი და სახელმწიფომ “კანონიერი” პასუხი გასცა:

“მმართველი ძალა, პირველ რიგში, ორიენტირებულია ადამიანზე და ყველა ადამიანის უფლება იქნება დაცული ნებისმიერ შემთხვევაში. გუშინ იყო მცდელობა პროვოკაციის, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ასეთ მცდელობას გავცემთ კანონიერ პასუხს”.

რატომ მოეწყო აქცია 10 ნოემბერს და რა ხდებოდა მანამდე?

9 ნოემბერს ზაზა სარალიძემ წერილი მიიღო თბილისის მერიისგან, რომლითაც ქალაქის მთავრობა აუწყებდა, რომ 7 დეკემრბიდან უნდა შეეცვალა აქციის ჩატარების ადგილი, რადგან პარლამენტთან საახალწლო ნაძვის ხისა და ღონისძიებების მოწყობა იგეგმებოდა. აღნიშნულს წინ უძღოდა სარალიძის წერილი, რომლითაც მან მერიას 1 ნოემბერს მიმართა და აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელება სთხოვა.

პასუხად, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ არსად წასვლას აპირებდა, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ამავე დღეს, არასამავრობო ორგანიზაიცებმა ჩანიშნეს აქცია, რომელიც ორ საკითხს მოიცავდა:

  • ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე სარალიძისა და მაჩალიკაშვილისათვის პარლამენტის წინ, ტროტუარზე კარვის გაშლაში ხელშეშლა სახელმწიფოს მხრიდან.
  • მერიის მოთხოვნა შვილმოკლული მამებისათვის, საახალწლო ნაძვის ხის დადგმის გამო, შეეცვალათ აქციის ადგილმდებარეობა 7 დეკემბრამდე.

აქცია 10 ნოემბერს, 20:00-ზე დაიწყო და მალევე გადაიზარდა პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში. პოლიციელებმა ისევ სცადეს, დემონსტრანტებისთვის ჯერ კიდევ გაუშლელი კარვები წაერთვათ, რასაც მოქალაქეთა წინააღმდეგობა მოჰყვა. გაწევ-გამოწევისას შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძე, მოგვიანებით კი მისი დედა. საბოლოოდ, ორივე მათგანის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიციის ქმედება უკანონოა და მოქალაქეებს უფლება აქვთ, ისარგებლონ შეკრებისა და მანიფესტაციების კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი უფლებით – გაშალონ კარავი პროტესტის გამოსახატად. მოგვიანებით, მათ კარვები პარლამენტთან მაინც განათავსეს და განაცხადეს, რომ იქ მთელ ღამეს დარჩებოდნენ.

კარვის გაშლის შეზღუდვას გასული პერიოდის მანძილზე ეხმაურებოდა სახალხო დამცველიც, რომელიც სახელმწიფოს ამ ქმედებას შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაში ჩარევად აფასებდა. ომბუდსმენმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც წარადგინა.

სახალხო დამცველმა ასევე გააკრიტიკა მერიის მოთხოვნა სარალიძე/მაჩალიკაშვილისადმი აქციის ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი კანონმდებლობის ნორმებს სცდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან