ახალი ამბები

24 საათში, 7 500-მა ადამიანმა მოაწერა ხელი სარალიძე/მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ პეტიციას

11 ნოემბერი, 2018 • 2599
24 საათში, 7 500-მა ადამიანმა მოაწერა ხელი სარალიძე/მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ პეტიციას

სარლიძე/მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ ონლაინ პეტიციას, სახელწოდებით “უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!”, დადებიდან 24 საათში 7 500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავთ. მოქალაქეებმა ელექტრონული ხელმოწერების შეგროვება გუშინ, 10 ნოემბერს, პარლამენტთან განვითარებული მოვლენების პარალელურად დაიწყეს.

პეტიციის ტექსტში, რომლითაც მოქალაქეები ქალაქის მთავრობას მიმართავენ, ვკითხულობთ:

“რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა, კარლო (კახა) კალაძემ, 16 წლის, სადისტურად მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს და სპეცრაზმის მიერ მოკლული 20 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, რუსთაველის გამზირიდან პროტესტის გადატანა “სხვა” ადგილას მოსთხოვა, საახალწლო ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების დამონტაჟების “აუცილებლობის” მიზეზით. ჩვენ უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე, თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა გვაიძულებს, არჩევანი გავაკეთოთ ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის. ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე!”

პეტიციაზე ხელის მოწერა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

9 ნოემბერს ზაზა სარალიძემ წერილი მიიღო თბილისის მერიისგან, რომლითაც ქალაქის მთავრობა აუწყებდა, რომ 7 დეკემრბიდან უნდა შეეცვალა აქციის ჩატარების ადგილი, რადგან პარლამენტთან საახალწლო ნაძვის ხისა და ღონისძიებების მოწყობა იგეგმებოდა. აღნიშნულს წინ უძღოდა სარალიძის წერილი, რომლითაც მან მერიას 1 ნოემბერს მიმართა და აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელება სთხოვა.

დღეს, 11 ნოემბერს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს თბილისის მერი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მერიის მიერ შვილმკვდარი მამებისათვის გაგზავნილ წერილს აქციის ადგილმდებარეობის შეცვლის საჭიროებაზე გუშინდელ მოვლენებთან კავშირი არ ჰქონდა, ვინაიდან საახალწლო ღონისძიებები ადგილზე დეკემბრიდან იწყება.

“სრულიად წარმოუდგენელი და გაუგებარია, ვინ მოიფიქრა შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშნის დასმა შვილმკვდარ მამასა და საახალწლო ნაძვის ხეს შორის. მაშინ, როცა მერიის საპასუხო წერილში მსგავსი ინტერპრეტაციის არანაირი საფუძველი არ არსებობს”, – თქვა კახა კალაძემ.

გაუგებარია, ვინ დასვა ტოლობის ნიშანი შვილმოკლულ მამასა და ნაძვის ხეს შორის – კალაძე

გასაყოფი არაფერი შეიძლება გვქონდეს — მაჩალიკაშვილი რობაქიძე-გირგვლიანის ოჯახებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი