ახალი ამბები

4 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო – ქართველი სამბისტების დიდი წარმატება ჩემპიონატზე

11 ნოემბერი, 2018 • 5169
4 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო – ქართველი სამბისტების დიდი წარმატება ჩემპიონატზე

მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, 9-11 ნოემბერს მიმდინარეობდა, დღეს დასრულდა. ჩემპიონატზე წარმატებით იჭიდავეს ქართველმა სპორტმენებმა, რომლებმაც, ჯამში 8 მედალი მოიპოვეს, აქედან 4 ოქრო, 3 ბრინჯაო და 1 ვერცხლი. ჩემპიონატი ქართველი სამბისტი ქალების განსაკუთრებული წარმატებითაც აღინიშნა.

ბოლო ორი ოქროს მედალი ქართველმა სამბისტებმა ელენე ქებაძემ და ბექა ბერულავამ მოიპოვეს. ისინი მსოფლიო ჩემპიონები დღეს, 11 ნოემბერს გახდნენ. ელენე ქებაძემ 80 კგ-იან წონით კატეგორიაში ფინალში რუსი ტიტულოვანი სამბისტი ანა ბალაშოვა დაამარცხა, ბექა ბერულავამ კი 82 კგ-იან წონით კატეგორიაში ასევე რუსი სამბისტი – სერგეი კირიუხინი.

მანამდე, გუშინ, 10 ნოემბერს, ჩემპიონატის მეორე დღეს მსოფლიო ჩემოიონი გახდა და ოქროს მედალი მიიღო 57 კგ-იან წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვახტანგ ჩიდრაშვილმა. მან ეს ტიტული უკვე მეხუთედ დაიმსახურა.

პირველ დღეს კი, სამბისტმა ნინო ოძელაშვილმა ისტორიული გამარჯვება ჩაწერა როგორც საკუთარ კარიერაში, ისე ქართული საჭიდაო სპორტის ისტორიაში. მან  72 კგ–იან წონით კატეგორიაში  რუმინელი მეტოქე დაამარცხა და ასე გახდა საქართველოს სახელით მოასპარეზე პირველი ქალი, რომელმაც ჭიდაობის სახეობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიიღო.

რუმინეთში მიმდინარე ჩემპიონატი ქართველი ქალი სამბისტების კიდევ ერთი წარმატებით აღინიშნა – პირველად მოხდა, რომ გოგოების ნაკრებმა ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი მოიპოვა.

ვერცხლის მედალი სამბოს ჩემპიონატზე სამბისტმა ბექა ბერძენიშვილმა მიიღო, რომელიც +100 კგ წონით კატეგორიაში ჭიდაობს. ის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება სამ ბრინჯაოს: მედლები მიიღეს გივი ნადარეიშვილმა(52კგ), პაატა ღვინიაშვილმა(90კგ) და დავით ლორიაშვილმა(100კგ).

ბიჭების ნაკრები ჩემპიონატზე გუნდურ მეორე ადგილზე გავიდა.

სამბისტები საქართველოში 13 ნოემბერს დაბრუნდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი