ახალი ამბები

“გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციაზე” – გახარია პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე

11 ნოემბერი, 2018 • 2186
“გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციაზე” – გახარია პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე

10 ნოემბრის საღამოს პარლამენტის წინ, სარალიძე/მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გიორგი გახარია ეხმაურება.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სახელმწიფომ გუშინ დესტაბილიზაციის რისკი დაინახა და შესაბამისად იმოქმედა, რადგან “კონკრეტული ინფორმაცია” ჰქონდა. მას არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება “რისკში”.

“ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ. აქედან გამომდინარე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პირობებშიც პოლიცია შეასრულებს თავის ფუნქციას – უზრუნველყოს უსაფრთხოება მოქალაქეების და, პირველ რიგში, აქციის მონაწილეების.

კარავი არ ყოფილა არასდროს ჩვენი თვითმიზანი. პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა ჩვენი მოქალაქეების და, პირველ რიგში, აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა დავინახეთ ესკალაციის მზარდი საფრთხე, რისკების შესაძლებლობა და დესტაბილიზაციის რისკი. ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც ვიმოქმედეთ”, – აცხადებს ის.

მინისტრის თქმით, პარლამენტთან ახლა “საჭიროზე მეტი კარავია”:

“დღეს პარლამენტის წინ ვხედავთ საჭიროზე მეტ კარავს. პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე და გააგრძელებს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას”.

გახარია უშუალოდ შეეხო პროტესტის მიზეზსაც და თქვა, რომ “ერთი ადამიანის ტკივილის გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა სახის ინტერესისთვის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა”.

რა ხდებოდა პარლამენტთან 10 ნოემბრის საღამოს?

შვილმოკლული მამების მხარდამჭერი საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ 20:00-ზე დაიწყო. ის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული და ორ საკითხს მოიცავდა:

  • ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე სარალიძისა და მაჩალიკაშვილისათვის პარლამენტის წინ, ტროტუარზე კარვის გაშლაში ხელშეშლა სახელმწიფოს მხრიდან.
  • მერიის მოთხოვნა შვილმოკლული მამებისათვის, საახალწლო ნაძვის ხის დადგმის გამო, შეეცვალათ აქციის ადგილმდებარეობა 7 დეკემბრამდე.

აქცია მალევე გადაიზარდა პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში. პოლიციელებმა ისევ სცადეს, დემონსტრანტებისთვის ჯერ კიდევ გაუშლელი კარვები წაერთვათ, რასაც მოქალაქეთა წინააღმდეგობა მოჰყვა. გაწევ-გამოწევისას შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძე, მოგვიანებით კი მისი დედა. საბოლოოდ, ორივე მათგანის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიციის ქმედება უკანონოა და მოქალაქეებს უფლება აქვთ, ისარგებლონ შეკრებისა და მანიფესტაციების კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი უფლებით – გაშალონ კარავი პროტესტის გამოსახატად. მოგვიანებით, მათ კარვები პარლამენტთან მაინც განათავსეს და განაცხადეს, რომ იქ მთელ ღამეს დარჩებოდნენ.

კარვის გაშლის შეზღუდვას გასული პერიოდის მანძილზე ეხმაურებოდა სახალხო დამცველიც, რომელიც სახელმწიფოს ამ ქმედებას შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაში ჩარევად აფასებდა. ომბუდსმენმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც წარადგინა.

სახალხო დამცველმა ასევე გააკრიტიკა მერიის მოთხოვნა სარალიძე/მაჩალიკაშვილისადმი აქციის ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი კანონმდებლობის ნორმებს სცდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი