ახალი ამბები

ჩუგოშვილი: კარვის გაშლა ვერ აიკრძალება, თუ ის ხელოვნურ დაბრკოლებას არ ქმნის

10 ნოემბერი, 2018 • 2938
ჩუგოშვილი: კარვის გაშლა ვერ აიკრძალება, თუ ის ხელოვნურ დაბრკოლებას არ ქმნის

თბილისში, პარლამენტის წინ, სარალიძე/მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის ვიცესპიკერი და მმართველი გუნდის წევრი თამარ ჩუგოშვილი ფეისბუქზე ეხმაურება.

მისი განცხადებით, კარვის გაშლა ვერ აიკრძალება, თუ ის რაიმე ხელოვნურ დარკოლებას არ ქმნის და მოუწოდებს მერიასა და შსს-ს, კანონის ეს მოთხოვნა გაითვალისწინონ.

“არ არსებობს ნორმა რომელიც კრძალავს კარვის გაშლას თუ ეს არ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას ტრანსპორტისთვის ან ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უქმნის რეალურ საფრთხეს.

მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ გაითვალისწინონ კანონის ეს მოთხოვნა”, – წერს ის.

რა ხდებოდა პარლამენტთან 10 ნოემბრის საღამოს?

შვილმოკლული მამების მხარდამჭერი საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ 20:00-ზე დაიწყო. ის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული და ორ საკითხს მოიცავდა:

  • ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე სარალიძისა და მაჩალიკაშვილისათვის პარლამენტის წინ, ტროტუარზე კარვის გაშლაში ხელშეშლა სახელმწიფოს მხრიდან.
  • მერიის მოთხოვნა შვილმოკლული მამებისათვის, საახალწლო ნაძვის ხის დადგმის გამო, შეეცვალათ აქციის ადგილმდებარეობა 7 დეკემბრამდე.

აქცია მალევე გადაიზარდა პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში. პოლიციელები ისევ შეეცადნენ, დემონსტრანტებისთვის ჯერ კიდევ გაუშლელი კარვები წაერთმიათ, რასაც მოქალაქეთა წინააღმდეგობა მოჰყვა. გაწევ-გამოწევისას  შეუძლოდ ზაზა სარალიძე, მოგვიანებით კი მისი დედა. საბოლოოდ, ორივე მათგანის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიციის ქმედებები უკანონოა და მოქალაქეებს უფლება აქვთ, ისარგებლონ შეკრებისა და მანიფესტაციების კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი უფლებით – გაშალონ კარავი პროტესტის გამოსახატად. მოგვიანებით, მათ კარვები პარლამენტთან მაინც განათავსეს და განაცხადეს, რომ იქ მთელი ღამის მანძილზე დარჩებიან.

კარვის გაშლის შეზღუდვას გასული პერიოდის მანძილზე ეხმაურებოდა სახალხო დამცველიც, რომელიც სახელმწიფოს ამ ქმედებას შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაში ჩარევად აფასებდა. ომბუდსმენმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც წარადგინა.

სახალხო დამცველმა ასევე გააკრიტიკა მერიის მოთხოვნა სარალიძე/მაჩალიკაშვილისადმი აქციის ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი კანონმდებლობის ნორმებს სცდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი