ახალი ამბები

საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია – კალაძე

10 ნოემბერი, 2018 • 1682
საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია  – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა სოციალურ ქსელში გავრცელებული ფრაგმენტული ვიდეოს შეფასებისას, რომელშიც საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცხინვალსა და შემოგარენში ქართული მხარის მიერ ოპერაციის დაწყების წინაპირობებზე საუბრობს.

„პირდაპირ ამბობს ადამიანი, რაც გააკეთა. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ მათი პოლიტიკის შედეგია – დღეს ჩვენ ტერიტორიების 20% გვაქვს დაკარგული, რუსებს ჩააბარეს. სამწუხაროდ და საუბედუროდ, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები. აი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს არის მიხეილ სააკაშვილის რეალური სახე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის ამ განცხადებამდე, ვიდეოს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც და თქვა, რომ აღნიშნული კადრები “ამძიმებს წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობას” აგვისტოს ომის შედეგებზე.

როდის და რა თქვა სააკაშვილმა აგვისტოს ომზე

ზემოაღნიშნული ვიდეო 9 ოქტომბერს პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური ფეისბუკ გვერდებით ვრცელდებოდა.

კადრები 2008 წლის ნოემბერში, აგვისტოს ომის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზეა გადაღებული. მოცემულ ფრაგმენტში იქმნება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი ადასტურებს 2008 წელს ქართული მხარის მიერ ცხინვალსა და შემოგარენში ოპერაციის ჩატარებას:

“განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთისა, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით? მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში”.

აღნიშნული ნაწყვეტი მისი განცხადების კონტექსტს ბოლომდე არ ასახავს. ამავე სხდომაზე მაშინდელი პრეზიდენტი საუბრობდა ოპერაციის მიზეზებზეც, თუმცა ეს 9 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანს. სააკაშვილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ორი მთავარი მიზეზით ხსნიდა:

“პირველი – ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე, როკის გვირაბთან რუსეთის არმიის ასობით ტანკი, მძიმე ტექნიკა, საარტილერიო დანადგარი და ათასობით სამხედრო იყო მობილიზებული. ჩვენ დავიწყეთ უტყუარი, დადასტურებული სადაზვერვო მონაცემების მიღება და თქვენ ეს მონაცემები ნახეთ კიდეც – მათ დაიწყეს მოძრაობა და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა.

ფართომასშტაბიანი ინტერვენციის წინა დღეს, 6 აგვისტოს ჩვენ მოგვიკლეს მშვიდობისმყოფელები, რაც თვის დასაწყისიდან განხორციელებული ძალადობის გაგრძელება იყო.

იმ ღამეს და შემდეგი დღის განმავლობაში ჩვენს მიერ კონტროლირებადი სოფლების ინტენსიური დაბომბვა გრძელდებოდა…”, – აცხადებდა სააკაშვილი.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუქ გვერდზე ზემოაღნიშნული ვიდეოს სრული ვერსიაც გაავრცელა, რომლიდანაც საუბრის კონტექსტი გასაგები ხდება.


აგვისტოს ომის საკითხი აქტუალური საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში კიდევ ერთხელ გახდა მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარებისა”.

კრიტიკის ფონზე, მას აღნიშნული განცხადების განმარტება არაერთგზის მოუხდა. ერთ-ერთ ჯერზე კი ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არ ამბობს, თითქოს საქართველომ დაიწყო ომი, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ “იმდროინდელმა პრეზიდენტმა და პარლამენტმა დაუშვა შეცდომა ან ჩაიდინა დიდი დანაშაული”, რომლის შედეგებშიც ქვეყანა დღემდე ცხოვრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი