ახალი ამბები

შოტლანდიის სკოლების სასწავლო ბადეს ლგბტი საკითხებზე საგანი დაემატება

10 ნოემბერი, 2018 • 1252
შოტლანდიის სკოლების სასწავლო ბადეს ლგბტი საკითხებზე საგანი დაემატება

შოტლანდიის სკოლების სასწავლო ბადეში ლგბტი ადამიანების უფლებების შესახებ ახალი საგანი გაჩნდება. შოტლანდია ასე პირველი ქვეყანა გახდება მსოფლიოში, სადაც მსგავსი პრაქტიკა დაინერგება.

“გარდიანის”ინფორმაციით, საჯარო სკოლებში დაწესდება სავალდებულო საგანი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ლესბოსელი და ინტერსექსი ადამიანების უფლებებისა და ისტორიული მოძრაობების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. გაკვეთილების ფარგლებში ასევე დაეთმობა დრო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის პრობლემას, ისევე როგორც სექსუალურ ორიენტაციასა და იდენტობაში თვითგამორკვევას.

აღნიშნული გადაწყვეტილება შოტლანდიის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო ორგანიზაციასთან, “ინკლუზიური განათლების დროა”, ერთად. ადამიანის უფლებათა დამცველები მთავრობის ამ ნაბიჯს ისტირიულ მომენტად მიიჩნევენ.

“ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ჩვენი კამპანიისთვის, ქვეყნისათვის კი – ისტორიული მომენტი. ლგბტი ინკლუზიური განათლების იმპლემენტაცია ყველა საჯარო სკოლაში, მსოფლიოში პირველად ხდება. გლობალური გაურკვევლობის ეპოქაში, ესაა გზავნილი ლგბტი ახალგაზრდებისთვის, რომ ისინი დაფასებულნი არიან შოტლანდიაში”, – აცხადებს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯორდან დალი.

ფაქტს მიესალმა ქვეყნის პირველი მინისტრის მოადგილეც. მისი თქმით, მოხარულია, რომ შოტლანდია ამ პრაქტიკას მსოფლიოს ქვეყნებს შორის პირველი დანერგავს.

მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიის საზოგადოებაში ლგბტ ადამიანების მიმღებლობის დონე მაღალია, თემის წარმომადგენელი მოზარდები სკოლებში პრობლემებს მაინც აწყდებიან. ზემოაღნიშნული ორგანიზაციის კვლებით, ათიდან ცხრა მოზარდი აცხადებს, რომ სკოლაში ჰომოფობიის ობიექტი გამხდარა, 27%-ს კი სუიციდის მცდელობაც ჰქონია.

შოტლანდია ლგბტ ადამიანების სამართლებრივი მდგომარეობის კუთხით ევროპაში მოწინავეა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჰომოსექსუალობა შედარებით გვიან, 1980 წელს დეკრიმინალიზდა.

შოტლანდიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება 2014 წლიდან ლეგალურია, მანამდე, 2005 წელს კი ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობა გახდა დასაშვები. აღნიშნულ წყვილებს ბავშვის შვილის აყვანის უფლება 2009 წელს მიეცათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი