ახალი ამბები

“ოცნება” “ნაც. მოძრაობას” ემიგრანტების მოტყუებაში ადანაშაულებს – ოპოზიცია ბრალდებას უარყოფს

10 ნოემბერი, 2018 • 1418
“ოცნება” “ნაც. მოძრაობას” ემიგრანტების მოტყუებაში ადანაშაულებს – ოპოზიცია ბრალდებას უარყოფს

“ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” საზღვარგრეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. მმართველი პარტიის ლიდერის, სოფიო ქაცარავას თქმით, ოპოზიციური პარტიის “სპეციალური ჯგუფები” ემიგრანტებს საკონსულოებისა და საელჩოების სახელით უკავშირდებიან და რიგი დაპირებების სანაცვლოდ “ქართული ოცნებისთვის” ხმის მიცემას სთხოვენ, რათაყალბი მტკიცებულებები შექმნან.

” “ნაციონალურ მოძრაობას” “რუსთავი2”-ის დახმარებით დაწყებული აქვს მირიგი ბინძური კამპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც არჩევნების დისკრედიტაციასა და ამისთვის ყალბი მტკიცებულებების შექმნას ემსახურება.

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში “ნაციონალურ მოძრაობას” შექმნილი აქვს სპეციალური ჯგუფები, ე.წ. მიკროშტაბები, რომელთა მეშვეობითაც საკონსულოებისა და საელჩოების სახელით საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს უკავშირდებიან, მიზანმიმართულად ატყუებენ და “ქართული ოცნების” მხარდაჭერის სანაცვლოდ უცხოეთში ლეგალურად ცხოვრებს, მუშაობისა და თავშესაფრის მიღებისთვის საჭირო დახმარებას ჰპირდებიან”, – ამბობს ის.

ქაცარავას განცხადებით, აღნიშნული “ჯგუდები” მოქალაქეებს ასევე ართმევენ პირად მონაცემებს და ეუბნებიან, რომ “ოცნებისათვის” ხმის მიცემის შემთხვევაში საარჩევნო უბნებზე ავტომობილებით მიიყვანენ.

“ისინი აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს „ფეიკ“ გვერდების საშუალებით ამ და სხვა ტიპის, ცრუ ინფორმაციის შემცველ ცნობებს და ვიდეოებს ავრცელებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ საარჩევნო პროცესი კანონის სრული დაცვით, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში წარიმართება“, – ამბობს ის.

ბრალდებას უკვე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიცია – გიორგი ვაშაძემ აღნიშნული მმართველი პარტიის კიდევ ერთ “არაადეკვატურ” განცხადებად შეაფასა.

“მე მართლა წარმომიდგენია, რომ მეორე ტურში რომ გავიმარჯვებთ, ქართული ოცნება რუსთაველზე გამოვა და მიტინგს მოაწყობს იმისთვის რომ გაერთიანებულმა ოპოიზიციამ გააყალბა არჩევნებიო. ხომ ხედავთ, რამდენად არაადეკვატურია მათი განცხადებები. ახლა რაღაცნაირად უნდათ გაამართლონ, რატომ წააგო სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში, თავის სამშობლოში საარჩევნო უბანი… საკონსულოებიც მათია, კომისიებიც მათია, საარჩევნო უბნებიც მათია, ბიულეტენებსაც ისინი ბეჭდავენ, ყველაფერს ისინი აკეთებენ, მაგრამ წააგეს”, – აღნიშნა მან ჟურნალისტის კითხვის პასუხად.


“ცესკოს” საბოლოო შედეგებით, არჩევნების პირველ ტურში მმართველი პარტიის ფავორიტი კანდიდატისა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის შედეგს შორის განსხვავება 1%-ზე ნაკლებია: სალომე ზურაბიშვილმა ხმათა 38.64%, გრიგოლ ვაშაძემ კი  – 37.74% მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი