ახალი ამბები

მუსლიმური ორგანიზაციის თავმჯდომარე აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს

10 ნოემბერი, 2018 • 1853
მუსლიმური ორგანიზაციის თავმჯდომარე აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს

7 ნოემბერს აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს სსიპ საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგ ასადოვი.

ინფორმაცია თავდაპირველად მარნეულის სათემო რადიომ გაავრცელა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია TDI-ის იურისტი, შოთა თუთბერიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ მისმა ოჯახმა ამ დრომდე არაფერი იცის ასადოვის დაკავების შესახებ — რა ბრალდებით დააკავეს იგი.

თუთბერიძის თქმით, ასადოვის რელიგიური ორგანიზაცია, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, შიშობს, რომ მათი თავმჯდომარე საფრთხეშია.

“ველოდებით რაიმე სახის რეაგირებას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან”, – ამბობს თუთბერიძე. მისი თქმით, ასადოვი უკვე სამი დღეა, რაც ადვოკატის და ბრალის წაყენების გარეშეა.

“ნეტგაზეთს” საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ოფიციალური შეტყობინება საკონსულოში არ შესულა, თუმცა როგორც თუთბერიძე ამბობს, შეტყობინება შესაძლოა უშუალოდ დაკავების დღეს, 7 ნოემბერს, არ შესულა, თუმცა მან პირადად შეატყობინა ეს ინფორმაცია როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში.

საგარეოს პრესსამსახურის ცნობით, საქმეს ამჟამად აზერბაიჯნაში საქართველოს საკონსულო არკვევს.

რადიო “მარნეულის” თანახმად, შეიხი 7 ნოემბერს აზერბაიჯანში მიემგზავრებოდა, თუმცა აზერბაიჯანის სასაზღვრო პუნქტზე დააკავეს და იქიდან ბაქოში გადაიყვანეს.

რადიოს ინფორმაციით, ასადოვმა წელიწადზე მეტია, აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე უარი თქვა. თუთბერიძის ინფორმაციით, მისი მეუღლე ბაქოში ცხოვრობს, ოჯახის სხვა წევრები კი მარნეულში ცხოვრობენ. რადიოს თანახმად, ასადოვს წელიწადში რამდენჯერმე უწევს საზღვრის გადაკვეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი