ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საპროტესტო აქცია “პუტინიზმის წინააღმდეგ” ერევანში

18 მაისი, 2014 • • 1348
საპროტესტო აქცია “პუტინიზმის წინააღმდეგ” ერევანში

200-მდე ადამიანი, რომლებიც სკანდირებდნენ “თავისუფალი, დამოუკიდებელი სომხეთი”, რუსეთის საელჩოსთან თავისუფლების მოედნიდან მოვიდა, სადაც მანამდე მიტინგი გამართეს. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ეროვნული დროშები და პლაკატები, წარწერებით: “ვოლინკინი – პერსონა ნონ გრატა”, “უფასო საბაჟო კავშირი=ციმბირი”, “No Russian Empire”, “ევროკავშირი=რომი=პარიზი=ლონდონი”.

აქცია ერევანში, თავისუფლების მოედანზე, 2014 წლის 18 მაისი
აქცია ერევანში, თავისუფლების მოედანზე, 2014 წლის 18 მაისი

 

აქციის ერთ-ერთი ინიციატორის, ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის, გაიანე არუსტამიანის თქმით, პროტესტი მიმართულია “კრემლის ანტიჰუმანური და დამპყრობლური პოლიტიკის და სომხეთის საბაჟო კავშირთან იძულებით მიერთების წინააღმდეგ”. მისივე თქმით, აქცია ასევე მიმართულია სომხეთში რუსეთის სრულუფლებიანი ელჩის – ივან ვოლინკინის წინააღმდეგ.

 

საქმე ის არის, რომ ამ რამდენიმე დღის წინ ელჩმა ერთ-ერთ თავის ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთში “ნოევ კოვჩეგ” (ნოეს კიდობანი), განაცხადა, რომ სომხეთში არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უშლიან რუსი და სომეხი ხალხის მეგობრობას და საჭიროა მოგვარდეს მათი საკითხი. სომხეთის საზოგადოებამ ეს სიტყვები მიიღო, როგორც მოწოდება პოლიტიკური და საზოგადოებრივი ოპონენტების ნეიტრალიზაციისკენ, რომ შეიზღუდოს ყველა იმ ორგანიზაციის გამოხატვის თავისუფლება, რომლებიც ევროპისა და აშშ-ისგან ფინანსდებიან.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთში ნამდვილად უფრო მეტი თავისუფლებაა, ვიდრე საბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებში – რუსეთში, ყაზახეთსა და ბელორუსში, სომხეთის საზოგადოება შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ადამიანის უფლებას და თავისუფლებას ქვეყანაში შეიძლება საშიშროება დაემუქროს. თავად ელჩმა მოგვიანებით განაცხადა, რომ თავისი სიტყვების უკან წაღებას არ აპირებს.

 

“ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ ელჩი ივან ვოლინკინი, მისი განცხადების გამო პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს”, – გვითხრა გაიანე არუსტამიანმა.

 

აქციაზე შეკრებილების აზრით, ივან ვოლინკინი თითქმის სომხეთის მეფისნაცვლად მიიჩნევს თავს და ჰგონია, რომ შეუძლია უკარნახოს სომხეთის საზოგადოებას, როგორ იცხოვრონ, რა შეზღუდვები უნდა დაწესდეს სიტყვის თავისუფლების კუთხით და ა.შ.

 

აქციის მონაწილეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ “ეს არ არის ანტირუსული აქცია და არ არის მიმართული მეგობრული რუსი ხალხისადმი, არამედ პუტინიზმის წინააღმდეგაა, რამდენადაც “პრეზიდენტი პუტინი თავისი იმპერიალისტური ამბიციებით უკვე ჩვენთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს”.

 

მართალია, სომხეთის მთავრობა ირწმუნება, რომ ქვეყნის საბაჟო კავშირში გაწევრიანება არ არის მოსკოვის ზეწოლით გამოწვეული და განპირობებულია უსაფრთხოების, მათ შორის ენერგეტიკული საკითხებით, მაგრამ ბევრი ანალიტიკოსი იხრება იმ აზრისკენ, რომ ადგილი ჰქონდა კრემლის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლას და სომხეთი დააყენეს არჩევანის წინაშე – “ან ეს, ან ის”. ერევანი იძულებული გახდა არჩევანი აღმოსავლეთთან, კერძოდ, რუსეთთან ინტეგრაციაზე გაეკეთებინა.

 

პოლიციამ დღეს დემონსტრანტებს არ მისცა ჭიშკართან მიახლოების საშუალება, რომელიც რუსეთის საელჩოს შენობას აქვს ქუჩის მხრიდან, და ხალხი საწინააღმდეგო მხარეს გადაიყვანა. ამან დემონსტრანტების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რუსეთის საელჩოს ტერიტორია იწყება ჭიშკრის შიგნით და არა მიმდებარედ. გაიანე არუსტამიანმა მომხდარი პოლიციის თვითნებობად შეაფასა, რადგან მისი თქმით, ეს საპროტესტო აქცია წინასწარ იყო შეთანხმებული ერევნის მერიასთან და იგი კანონიერად იმართებოდა.

გაიანე არუსტამიანი
გაიანე არუსტამიანი

 

გაიანე არუსტამიანმა განაცხადა, რომ დღესვე რუსეთის ფედერაციის რამდენიმე ქალაქში დემოკრატიული ძალები მართავენ საპროტესტო აქციებს პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციის საელჩოს შემდეგ დემონსტრანტებმა აქცია პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის რეზიდენციასთან გამართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი