ლიეტუველი კლასიკოსის კავკასიური ლეგენდები – გიდი რეგიონსა და საქართველოში

რა აკავშირებთ საქართველოსა და ლიეტუვას? ქვეყნის ელჩი ამ კუთხით მძიმე წარსულს, თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის ბრძოლას და თავისუფლების სიყვარულს გამოყოფს.

თუმცა, ამას გარდა, იყო ადამიანი, რომელიც საქართველოსა და კავკასიას გასული საუკუნის დასაწყისში ესტუმრა და აქაურობამ იმდენად მოხიბლა, რომ შთაბეჭდილებები ლეგენდების კრებულად აქცია. ასე დაიბადა ანტანას ვიენუოლისის “კავკასიური ლეგენდები” და ახლა უკვე შეიკრა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შორის პირველი ლიტერატურული კავშირებიც.

წიგნის თარგმანის პრეზენტაცია კავკასიურ სახლში გაიმართა. კრებულის სახელწოდებაა “დაწყევლილი ბერები” – ერთ–ერთი ლეგენდის სათაურიდან გამომდინარე. თუ საბჭოთა დროს მოთხრობები რუსულიდან ქართულად თარგმნეს,  ამჟამინდელი გამოცემა მთარგმნელ ნანა დევიძის მიერ ორიგინალიდან – ლიეტუვურიდან არის ნათარგმნი.

“თუ ვინმე ყოფილა საქართველოში და საქართველოს სამხედრო გზაზე არ უმოგზაურია, შეიძლება ითქვას, რომ  მას არ უნახავს არც კავკასიის გამაოგნებელი სილამაზე, არც მხარის მცენარეთა მრავალგვარობა და არც მისი ჭრელი მოსახლეობა”, – წერს ლიეტუვური ლიტერატურის კლასიკოსი კრებულის ერთ–ერთი ლეგენდის თხრობის დაწყებისას.

ანტანას ვიენუოლისი მაშინ რუსეთის იმპერიაში შემავალ საქართველოში 1900–იანი წლების დასაწყისში, 18 წლის ასაკში ჩამოვიდა, როცა მწერლის საქმე მისგან ჯერ შორს იყო. მან ხარისხის მოსაპოვებლად თბილისში, ესტონელი ფარმაკოლოგის, ფერდინანდ ოტენის აფთიაქში დაიწყო მუშაობა და იქვე დასახლდა. აქედან დაიწყო მისი მოგზაურობა ჯერ საქართველოს გარშემო, შემდეგ კი კავკასიაში.

“მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. შეიცვალა საქართველოს ბუნებაც. როცა საქართველოში ჩამოვიდა და ფშავი, ხევსურეთი, ეს ბუნება მოიარა, მაშინ სამანქანო გზაც არც იყო იქ. დადიოდა ცხენით, ურმით გადაადგილდებოდა…

წარმოიდგინეთ, ფშავს და ხევსურეთს რომ მოივლი ადამიანი, თუშეთში ახვალ, ნახავ ჩანჩქერებს, ქისტეთის ხეობაში შეხვალ, ამ გაგიჟებულ თერგს უყურებ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა”, – აღნიშნავს კრებულის მთარგმნელი ნანა დევიძე.

მთარგმნელი ფიქრობს, რომ ლეგენდები დიდწილად სტილიზებულია და მწერლის ფანტაზიას მათში დიდი ადგილი უჭირავს, თუმცა არის უშუალოდ კავკასიაში მოსმენილი და შემდგომ კრებულში ასახული დეტალებიც.

წიგნში შეხვდებით ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, ოსურ ფოლკლორზე დამყარებულ ლეგენდებს, საქართველოს სამხედრო გზის, პანკისის ხედებისა და კავკასიონის მთების მწერლისეულ აღწერასა და სიუჟეტებს, ძირითადად, საბრძოლო თემატიკის კვალდაკვალ, რაც ყოველთვის ასე აქტუალური იყო პატარა, თუმცა ხმაურიან რეგიონში.

“აქ არის ნაწყვეტები აღებული ჩვენი ისტორიული წარსულიდან, ჩახლართულ ამბავში. ზოგადად კავკასიური თემა იკითხება აქ. ეხება როგორც ბოროტისა და კეთილის ბრძოლას, ისე პოლიტიკურ, ძალიან ფაქიზ საკითხებს, რომლებიც დღესაც კი აქტუალურია.

თხრობა ძალიან ექსპრესიული და შთამბეჭდავია. მე ვცდილობდი, ქართველი მკითხველისთვის დამენახებინა ის შთაბეჭდილება, რა შთაბეჭდილებაც დატოვა კავკასიამ ამ კაცზე. როგორ შევძელი, ეს უკვე მკითხველმა გადაწყვიტოს”, – ამბობს ნანა დევიძე.

ვიენუოლისისა და საქართველოს ურთიერთობა გასული საუკუნის დასაწყისით არ შემოფარგლულა. მთარგმნელის თანახმად, საბჭოთა კავშირის ადრეულ წლებში, როცა ლიეტუვიდან საზოგადო მოღვაწეთა დიდი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა, ხელისუფლება ქვეყანაში დარჩენილების შენარჩუნებას ცდილობდა. ისინი კავშირის სხვადასხვა ქვეყნებში გაგზავნეს,  ვიენუოლისი კი – საქართველოში, სადაც ის გარკვეულ ხანს ცხოვრობდა.

საქართველოში ლიეტუვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის თქმით, ეს წიგნი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოსა და ლიეტუვას მხოლოდ ინსტიტუციებს შორის მეგობრობა არ აკავშირებთ და კავშირები ორ ქვეყანას შორის უფრო ფართოა.

“ამ წიგნის თარგმნა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და ლიეტუვისთვის, მაშინ როცა ჩვენი ქვეყნების სახელმწიფოებრიობის ასი წლისთავს ვზეიმობთ. არაერთი ღონისძიება გვაქვს, რომლითაც ხაზს ვუსვამთ მეგობრობას ჩვენს ქვეყნებს, ინსტიტუციებს შორის და, რა თქმა უნდა, კულტურულ კავშირებსაც.

მოხარული ვართ, რომ ჩვენი საყვარელი მთარგმნელის, ნანა დევიძის წყალობით შესაძლებლობა გვაქვს, გავეცნოთ ამ წიგნს, რომელიც ლიეტუვირიდან ქართულად ითარგმნა. მანამდე, საბჭოთა დროს ის რუსულიდან თარგმნეს, ახლა კი პირდაპირი თარგმანიც გვაქვს ხელთ”, – ამბობს ის.

“დაწყევლილი ბერები”, კრებულის ერთ–ერთი მოთხრობა, გარკვეული ხნის მანძილზე ლიეტუვის სასკოლო პროგრამაშიც შედიოდა. 2000–იანი წლების დასაწყისიდან ის იქ აღარ გვხვდება, თუმცა ნანა დევიძის თქმით, მოთხრობა ლიეტუველ ახალგაზრდებში ყოველთვის აღძრავდა და აღძრავს ინტერესს კავკასიის რეგიონისა და მასში შემავალი საქართველოს მიმართ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან