ახალი ამბები

პრემიერმა ხობი ჰესის მშენებლობის გახსნაზე განაცხადა, რომ სტიქიას დარიალი ჰესთან კავშირი არ აქვს

18 მაისი, 2014 • • 2000
პრემიერმა ხობი ჰესის მშენებლობის გახსნაზე განაცხადა, რომ სტიქიას დარიალი ჰესთან კავშირი არ აქვს

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისი მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ ქვეყანას ჰქონდეს საკუთარი ენერგორესურსები.

 

“ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ამაზე უკვე აღარავინ კამათობს. როდესაც ასეთი მნიშვნელობის პროექტების მშენებლობას ვიწყებთ, ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ წინასწარ მოსამზადებელ სამუშაოებს, ამაში ჩართული არიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, მიმდინარეობს ყოველმხრივი შესწავლა და მხოლოდ კვალიფიციური დასკვნების შემდეგ ვიწყებთ პროექტების განხორციელებას. ჩვენ უარი ვთქვით ფასადურ მშენებლობებზე და ვაშენებთ ისე, რომ გამორიცხული იყოს მშენებლობით გამოწვეული კატასტროფები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მისივე თქმით, თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკა პირდაპირ არის დამოკიდებული ენერგეტიკაზე:

 

“მთელ მსოფლიოში მუდმივად იზრდება ენერგიაზე მოთხოვნა. საქართველო ამ გამოწვევებს მზად უნდა ხვდებოდეს. ჩვენი წყლის რესურსები უნდა გამოვიყენოთ საქართველოს კეთილდღეობისთვის, ამ რესურსებს ჩვენ ავითვისებთ ბალანსის შენარჩუნებით და შესაძლებელი იქნება  ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარება”.

ღარიბაშვილის თქმით, თუკი „ხობიჰესი-2″-ის პროექტის ძველი პირობების თანახმად წარმოებული ელექტროენერგიის მხოლოდ 8.5 პროცენტი უნდა დარჩენილიყო საქართველოში, ახალი პირობებით ეს მაჩვენებელი 45 პროცენტამდე გაიზარდა და საჭიროების შემთხვევაში, ენერგოსისტემის მიერ 100 პროცენტი ენერგიის ათვისებაც გახდება შესაძლებელი.

 

“ჩვენ დავაინტერესეთ ინვესტორი. ყველა რწმუნდება, რომ აქ ბიზნესის კეთება არის უსაფრთხო. ამ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელება იმის დასტურია, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სანდო, სტაბილური პარტნიორი.

ჰიდროელექტროსადგურების აშენება ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს. ამ ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანებიდან უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრები იქნება. ეს მშენებლობები ნიშნავს ინფრასტრუქტურის მუდმივ განვითარებას, აშენდება ახალი გზა, ეს ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ადგილი გახდება, ჩვენ დავიწყებთ აქ ახალი პროექტების განხორციელებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ხობი ჰესის მშენებლობის გახსნაზე
ირაკლი ღარიბაშვილი ხობი ჰესის მშენებლობის გახსნაზე

 

„ხობიჰესი – 2“-ის დადგმული სიმძლავრე  55 მეგავატი, ხოლო წლიური გამომუშავება 260 მლნ.კვტ.სთ იქნება. მისი მშენებლობა 2017 წლის  შემოდგომაზე დასრულდება. პროექტს  შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ ახორციელებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პროექტის ფარგლებში  გაკეთდება მისასვლელი გზები შურუბუმუს კარსტულ მღვიმემდე, საგრძნობლად შემცირდება გზა ტბა ტობავარჩხილამდე და გაკეთდება ათეულობით ტურისტული ბილიკი, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის ათვისებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი