ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა” არ და ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში – ვაშაძე

9 ნოემბერი, 2018 • 4930
“ნაციონალური მოძრაობა” არ და ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში  – ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მისი გამარჯვების პირობებში, “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში “არ და ვერ დაბრუნდება”, – აღნიშნულის შესახებ მან ფეისბუქის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ამჟამად პარტია ოპოზიციური გაერთიანების თანასწორი წევრია, მრავალპარტიული კოალიცია კი რომელიმე მათგანის ერთპიროვნულ მმართველობას გამორიცხავს.

“ნაციონალური მოძრაობა” არ და ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სხვა დანარჩენ 10 პარტიასთან ერთად არის გაერთიანებული ოპოზიციის თანასწორი წევრი.

მეორე, იმიტომ, რომ უკვე დაიწყო ფართო პოლიტიკური ფრონტის შექმნა, რომელსაც უკვე მიუერთდა “რესპუბლიკური პარტია”, და ეს პროცესი გაგრძელდება.

ეს ყველა პოლიტიკური პარტია არის გარანტი იმისა, რომ არც “ნაციონალური მოძრაობის”, არც “ქართული ოცნების” და არც სხვა რომელიმე პარტიის ერთპიროვნული მმართველობა ქვეყანაში აღარ იქნება.

პარტია, რომელიც იღებს 50%-ზე ნაკლებს [როგორც ახლაა] მახინჯი საარჩევნო სისტემის გამო, ვეღარასოდეს ვეღარ მიიღებს კონსტიტუციურ უმრავლესობას და ვეღარასდროს მოგვახვევს თავს ცხოვრების ისეთ წესს, რომელიც მიუღებელია საქართველოს მოქალაქისთვის”, – აღნიშნა მან.

ვაშაძემ ასევე გამორიცხა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლებაში ძველი სახეები დაბრუნდებიან და აღნიშნა, რომ საზოგადოება “ახალგაზრდა, კვალიფიციურ კადრებს” ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი