ახალი ამბები

რა თქვა რეალურად სააკაშვილმა ომზე და რას აკრიტიკებს ხელისუფლება

9 ნოემბერი, 2018 • 10813
რა თქვა რეალურად სააკაშვილმა ომზე და რას აკრიტიკებს ხელისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეხმაურება ვიდეოს, რომელშიც მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის წევრებს 2008 წლის აგვისტოში ქალაქ ცხინვალსა და მის შემოგარენში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრება.

მისი თქმით, აღნიშნული ვიდეო 10 წლის წინანდელ ომზე საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობას “ამძიმებს”.

“ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და მიმდინარეობს ფაქტობრივი ანექსია, რაც არის ის, რაც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ წინა ხელისუფლებისგან. რა თქმა უნდა, ეს არის შედეგი რუსეთის ფედერაციის აგრესიის და იმ უპასუხისმგებლო ქმედების, რომელიც განახორციელა წინა ხელისუფლებამ. ის ვიდეო, რაც ვრცელდება სოციალურ მედიაში, კიდევ უფრო ამძიმებს იმ ხელისუფლების პასუხისმგებლობას, რომელმაც ვერ შეძლო აეცილებინა ეს მძიმე შედეგები”, – განაცხადა მან.

როდის და რა თქვა სააკაშვილმა აგვისტოს ომზე

ზემოაღნიშნული ვიდეო 9 ოქტომბერს პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური ფეისბუკ გვერდებით ვრცელდებოდა.

კადრები 2008 წლის ნოემბერში, აგვისტოს ომის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზეა გადაღებული. მოცემულ ფრაგმენტში იქმნება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი ადასტურებს 2008 წელს ქართული მხარის მიერ ცხინვალსა და შემოგარენში ოპერაციის ჩატარებას:

“განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთისა, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით? მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში”.

აღნიშნული ნაწყვეტი მისი განცხადების კონტექსტს ბოლომდე არ ასახავს. ამავე სხდომაზე მაშინდელი პრეზიდენტი საუბრობდა ოპერაციის მიზეზებზეც, თუმცა ეს 9 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანს. სააკაშვილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ორი მთავარი მიზეზით ხსნიდა:

“პირველი – ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე, როკის გვირაბთან რუსეთის არმიის ასობით ტანკი, მძიმე ტექნიკა, საარტილერიო დანადგარი და ათასობით სამხედრო იყო მობილიზებული. ჩვენ დავიწყეთ უტყუარი, დადასტურებული სადაზვერვო მონაცემების მიღება და თქვენ ეს მონაცემები ნახეთ კიდეც – მათ დაიწყეს მოძრაობა და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა.

ფართომასშტაბიანი ინტერვენციის წინა დღეს, 6 აგვისტოს ჩვენ მოგვიკლეს მშვიდობისმყოფელები, რაც თვის დასაწყისიდან განხორციელებული ძალადობის გაგრძელება იყო.

იმ ღამეს და შემდეგი დღის განმავლობაში ჩვენს მიერ კონტროლირებადი სოფლების ინტენსიური დაბომბვა გრძელდებოდა…”, – აცხადებდა სააკაშვილი.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუქ გვერდზე ზემოაღნიშნული ვიდეოს სრული ვერსიაც გაავრცელა, რომლიდანაც საუბრის კონტექსტი გასაგები ხდება.


აგვისტოს ომის საკითხი აქტუალური საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში კიდევ ერთხელ გახდა მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარებისა”.

კრიტიკის ფონზე, მას აღნიშნული განცხადების განმარტება არაერთგზის მოუხდა. ერთ-ერთ ჯერზე კი ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არ ამბობს, თითქოს საქართველომ დაიწყო ომი, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ “იმდროინდელმა პრეზიდენტმა და პარლამენტმა დაუშვა შეცდომა ან ჩაიდინა დიდი დანაშაული”, რომლის შედეგებშიც ქვეყანა დღემდე ცხოვრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი