ახალი ამბები

სებ-მა როცა დაინახა ლარი მყარდებოდა, მაშინ გადაწყვიტა დოლარის ყიდვა – აკაკი ცომაია

9 ნოემბერი, 2018 • 1816
სებ-მა როცა დაინახა ლარი მყარდებოდა, მაშინ გადაწყვიტა დოლარის ყიდვა – აკაკი ცომაია

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე 10 მლნ აშშ დოლარის შესყიდვა გაუგებარია ეკონომისტ აკაკი ცომაიასთვის. მისი თქმით, უცნაურია სებ-ის ქმედება, ლარის გაუფასურების პირობებში შეევსო სავალუტო რეზერვები.

“სავარაუდოდ, ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ჰქონდა მითითება, რომ სავალუტო რეზერვი უნდა შეევსო, მაგრამ რატომ აკეთებს ამას ასე მყისიერად, თან იმ დროს, როცა მოცემულ მომენტში ამის აუცილებლობა არ არის, არ ვიცი. თუმცა IMF ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურების პროცესში რეზერვების შევსებაზე არ ეტყოდა,”-აცხადებს აკაკი ცომაია.

ბაზრიდან დოლარის აღების მიუხედავად, დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან სამი თეთრით, ევროსთან კი 6 თეთრით გამყარდა. აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ დღევანდელი გამყარების მიუხედავად, დევალვაციის რისკი კვლავაც არსებობს.

“ეროვნულმა ბანკმა როცა დაინახა, რომ ლარი მყარდებოდა, მაშინ გადაწყვიტა სავალუტო აუქციონზე დოლარი ეყიდა. დოლარის ყიდვა ლარს ნამდვილად ვერ გაამყარებდა,” – ამბობს ცომაია.

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს. სებ-ის ინფორმაციით, მსგავსი რეჟიმის პირობებში გაცვლითი კურსი ხასიათდება მოკლევადიან პერიოდში მერყეობით. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში, გაცვლით კურსს  სავალუტო ბაზარი განსაზღვრავს, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა შედის.

კურსის დასასტაბილურებლად ეროვნული ბანკს შეუძლია სავალუტო ბაზარზე ინტერვენციები განახორციელოს. ამ დროს ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტაში განთავსებულ რეზერვებს ხარჯავს. სებ-ის პოლიტიკით რეზერვების გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხდება.

იმისათვის, რომ ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები შეინარჩუნოს ადეკვატურ დონეზე, ბაზარზე პერიოდულად ახორციელებს სავალუტო ინტერვენციას და ყიდულობს უცხოურ ვალუტას.

მასალების გადაბეჭდვის წესი