სარალიძე/მაჩალიკაშვილს აქციის ადგილს სამართლებრივად ვერ შეაცვლევინებენ – სალაძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მერიას არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს სარალიძისა და მაჩალიკაშვილისთვის აქციის ადგილის შეცვლის მოსათხოვად.

როგორც სალაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, ნაძვის ხის აღმართვა არ ნიშნავს, რომ მის სიახლოვეს სტერილური გარემო უნდა შეიქმნას და ადამიანებს კანონიერი მოთხოვნების დაფიქსირების საშუალება შეეზღუდოთ:

“ნაძვის ხის აღმართვა არ ნიშნავს სტერილური გარემოს შექმნას იქ და ადამიანებს  არ ჰქონდეთ მათი კანონიერი მოთხოვნების დაფიქსირების საშუალება.  თუ ქალაქის რომელიმე ნაწილში  ნაძვის ხე უნდა აღიმართოს, ეს არ ნიშნავს, რომ იქ რაიმე სახის პროტესტის დაფიქსირება ვინმეს ეკრძალებოდეს.

ცხადია, აქ არ არის საუბარი ხელის შეშლაზე, ღონისძიებების ჩაშლაზე, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტი შეუძლია ყველას და ნაძვის ხე არ არის ისეთი მოვლენა, რომ ამის გამო ვინმეს უთხრან, დატოვოს ტერიტორია”, – ამბობს საიას თავმჯდომარე.

სალაძის თქმით, უკანონოა ისიც, რომ სარალიძესა და მაჩალიკაშვილს პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ. საიას თავმჯდომარე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში ამ თემაზე მიმდინარე განხილვას განზრახ წელავს:

“ამ დრომდე აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე ეუბნებიან მაჩალიკაშვილს და სარალიძეს კარვის გაშლაზე უარს. სასამართლოში პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. ჩვენ ამ საქმეში ვართ ჩართულნი და ვხედავთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორ ცდილობს მაქსიმალურად დროის გაწელვას. როდესაც საუბარია ოპერატიულ ინფორმაციაზე, რომელიც თვეზე მეტია ვერ მიიტანეს სასამართლომდე” – ამბობს სალაძე.

დღეს, 9 ნოემბერს ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიისგან მიიღო გაფრთხილება, შეცვალოს აქციის ადგილი, რადგან მერია პარლამენტთან საახალწლოდ ნაძვის ხის აღმართვას აპირებს.

“კანონი არის მარტივი გამოსავალი ყველასთვის”, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე კითხვას, თუ მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის პერიოდში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას არ დატოვებენ, როგორ გადაწყდება პრობლემა.

“მათ [სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა] კანონის შესაბამისად მომართეს მერიას და ჰქონდათ სურვილი, დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია დავარქვათ ამას თუ გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენც კანონის თანახმად განვუმარტეთ მათ და მივწერეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია ემზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის და მათ აქვთ შესალძლებლობა ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ხელის შეშლა არ მოხდეს და მათ მიეცემათ ამის უფლება”, – აცხადებს კალაძე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.