ახალი ამბები

რას ნიშნავს, როცა კაცები ტელეეთერში იუმორით იხსენებენ, თუ როგორ იძალადეს ქალებზე

9 ნოემბერი, 2018 • 9456
რას ნიშნავს, როცა კაცები ტელეეთერში იუმორით იხსენებენ, თუ როგორ იძალადეს ქალებზე

საქართველოში შესაძლებელია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანმა ტელეეთერით ისაუბროს, თუ როგორ იძალადა ქალზე, მაგრამ ამას არაფერიც არ მოჰყვეს. უფრო მეტიც, მსგავსი აღიარების ჩანაწერი, შეიძლება, ტელეარხმა გასართობ შოუდ შეფუთოს და როგორც იუმორით სავსე თავგადასავალი, ისე მიაწოდოს მაყურებელს. ასე მოხდა მსახიობ გივი სიხარულიძისა და მომღერალ გია სურამელაშვილის შემთხვევაში, რომლებმაც ტელეკომპანია “იმედის” ეთერით აღიარეს, თუ როგორ იძალადეს ქალებზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში ძალადობაში, განსაკუთრებით კი სექსუალურ ძალადობაში, დადანაშაულება ცნობილ ადამიანებს კარიერის, ოჯახისა და  არაერთი პრივილეგიის დაკარგვად უჯდებათ. სულ მცირე ორი ადამიანის გახსენებაც საკმარისია: გავლენიანმა ჰოლივუდელმა პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტაინმა და ასევე ცნობილმა მსახიობმა კევინ სპეისმა დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა – კარიერა, ოჯახი, საზოგადოების პატივისცემა. მიზეზი კი გახდა მათი მხრიდან კოლეგების სექსუალური შევიწროება, ზოგი ფაქტი კი სულაც ათწლეულების წინ იყო მომხდარი.

“ერთ ქალბატონს მოსწონდა ძალიან, გივი არ აქცევდა ყურადღებას, მძღოლად იყო დანიშნული. იქიდან მოუარა ამ ქალმა, აქედან მოუარა. დაბოლოს, ქალბატონს გივიმ უთხრა, როდესაც მანქანაში იჯდა საჭესთან, მოდი, ყურში რაღაც გითხრაო… თავი რომ შეყო ქალბატონმა, გივიმ მანქანის ფანჯარას აუწია და გაჭედა მისი თავი, დანარჩენი ნაწილი გარეთ დარჩა. გადმოვიდა პატივცემული და სცა პატივი ქალბატონს,” – აღნიშნულ ამბავზე, როგორც “კომიკურ ისტორიაზე”, ერთმა სტუმარმა 2 ნოემბერს “იმედის” გადაცემაში – “სიცრუის დეტექტორი” – ისაუბრა.

აღნიშნულ გადაცემაში მთავარ რესპონდენტად მიწვეული გივი სიხარულიძე საკუთარ სექსუალურ გამოცდილებაზე გადაცემის წამყვანთან საუბრობდა. სწორედ ამას მოაყოლა სიხარულიძის თანხმლებმა პირმა წლების წინ მომხდარი ამბავი. ამის შემდეგ წამყვანმა გიორგი გასვიანმა იკითხა, იყო თუ არა ეს ძალადობრივი აქტი, რაზეც სიხარულიძემ უპასუხა, რომ “ქალს რომ არ სდომებოდა, ეს არ მოხდებოდა”.

“შენ რა მამაკაცი უნდა იყო, რომ შეხედავ მას, იმასთან რამე იფიქრო,” – ამბობს იმავე გადაცემაში გივი სიხარულიძე.  ამ რეპლიკით მან ჟურნალისტის იმ კითხვას უპასუხა, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს ეხებოდა. წამყვანის კითხვა კი ასეთი იყო: “დღეს ცხოვრება შეიცვალა, შესაძლოა, თქვენ ქუჩაში დაინახოთ ლამაზი ქალი და ის წარსულში ყოფილიყო მამაკაცი. ამ დროს რა რეაქცია გაქვთ?”

გარდა გივი სიხარულიძისა, ქალის მიმართ თავის ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა გია სურამელაშვილმაც. მან გაიხსენა, თუ როგორ სცემდა ცოლს, თან იცინოდა და დასძენდა, რომ ამ ყველაფერს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა.

“კატა, ძაღლი – ოჯახში არავის უნდოდა… მე და მაგას.. მერე უკვე ძალიან ვარსკვლავური პერიოდი რომ მქონდა, რაღაცები შეეშალა, ისტერიკები ჩამიტარა. ცოტა არ მომეწონა. კონცერტების შემდეგ ქალები რომ მახტებოდნენ, ეჭვიანობის სცენები იყო… როგორ არ მიღალატია?! სულ ვღალატობდი, სულ იცოდა… ფიზიკური შეურაცხყოფა – კი, მიმიყენებია, მძიმე დაზიანებები არ მიმიყენებია, მაგრამ კარგად, გემრიელად ვცემე, ხელითაც, ფეხითაც, ბევრჯერ მიცემია,” – თქვა გია სურამელაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნანობს თუ არა ის თავის საქციელს, მომღერალმა უპასუხა, რომ მას “ღამეები არ სძინავს”. გადაცემის წამყვანმა აღნიშნული ძალადობად შეაფასა, თუმცა მომღერალმა თავისი ქმედება იმით გაამართლა, რომ ყოფილმა ცოლმა “მწყობრიდან გამოიყვანა”. გიორგი გასვიანმა სურამელაშვილს არაერთხელ უთხრა, რომ ეს იყო ძალადობა, რასაც მომღერალი არ დაეთანხმა.

გიორგი გასვიანის განმარტება

გადაცემის წამყვანი გიორგი გასვიანი ნეტგაზეთთან საუბარში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბრალდებებსა და კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ “სიცრუის დეტექტორი” საერთაშორისო სტანდარტების გეიმ-შოუა, რომელსაც თავისი წესები აქვს.

“აქ შესაძლოა გაჟღერდეს რაიმე დანაშაულებრივი ფრაზა ან ისეთი ქმედება, რომელიც წარსულში ადამიანს ჩაუდენია. ძირითადად აღიარებებსა და აღსარებებზეა აგებული ეს გადაცემა. ჩვენს რესპონდენტებს უწევთ ეთერში წარსული ცოდვების მოყოლა. მე, როგორც წამყვანი, ვერ ვიქნები ყველა დეტალზე დამსჯელის როლში და შუალედური, შეფასებითი დამოკიდებულება უნდა მქონდეს. თუმცა, არავითარ შემთხვევაში, მე არასდროს გამომიხატავს ან წამიქეზებია ძალადობა,” – ამბობს გასვიანი.

გიორგი გასვიანმა ასევე დასძინა, რომ როდესაც გია სურამელაშვილმა ყოფილ ცოლზე ძალადობის ისტორია მოჰყვა, მისთვის ეს მოულოდნელი იყო და მან მომღერალს რამდენჯერმე უთხრა, რომ იყო მოძალადე.

“რაც შეეხება გივი სიხარულიძეს, მან მოჰყვა ის ისტორია, რომელიც რამდენჯერმე გამიგონია, ოღონდ საერთოდ სხვა პირებისგან და სხვა პირების მონაწილეობით. სწორედ ამიტომ, ჩავეკითხე, ხომ არ გაუპროტესტებია ქალს-მეთქი და მან მიპასუხა, რომ არა, პირიქითო. და აქ მივხვდი, რომ საუბარია არა ძალადობაზე, არამედ მათ სპეციფიკურ, ინტიმურ ურთიერთბებზე, რაღაც ფეტიშზე,” – უთხრა გიორგი გასვიანმა ნეტგაზეთს.

“სიცრუის დეტექტორი”. ფოტო: ტელეკომპანია იმედი

ჟურნალისტის თქმით, გადაცემა კანონმდებლობის შესაბამისად მზადდება. თუ გადაცემაზე მომუშავე გუნდის რომელიმე წევრი ჩათვლიდა, რომ ეს არის ძალადობის პროპაგანდა, ისინი კადრებს ეთერში არ გაუშვებდნენ.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ გუნდმა გადაცემის მონტაჟის დრო ნახა, რომ ესა თუ ის პირი დისკრიმინაციულ განცხადებას აკეთებს, რატომ არ ამოიღო ეს ნაწილი გადაცემიდან, გასვიანი პასუხობს, რომ ის სურვილისამებრ ვერ ამოჭრიდა ამა თუ იმ ნაწილს და ვერ ათქმევინებდა რესპონდენტებს იმას, რაც მას აწყობს.

“როდესაც ადამიანი გიყვება ისტორიას და შენ წერ გადაცემას, იქ ვერ განსაზღვრავ ქრონომეტრაჟს იქიდან გამომდინარე, რომ უნდა ალაპარაკო რაც შეიძლება მეტი და შემდეგ გადაცემაში დატოვო ის მთავარი სათქმელი, რისი უფლებაც მას აქვს. ზუსტად მაგას შეიცავს ჩვენი გადაცემის წესები, რომ როდესაც მე შეკითხვას გისვამთ, მაგალითად, გიჩხუბიათ თუ არა თქვენ თქვენი შვილისთვის და თქვენ ამბობთ, რომ კი, მე უნდა მოგცეთ ამის ახსნის საშუალება.

აბსოლუტურად ყველა შეკითხვას ვახსნევინებ სტუმარს, რადგან იყო მძიმე დანაშაული, მე ჩავეძიე, რომ კარგად გაგვეგო. შედეგი რომ არის კატასტროფული, სწორედ ამის მიზეზი მაინტერესებდა. საზოგადოება სწორედ მაშინ ხვდება ძალადობის ფაქტის სისაძაგლეს,” – ამბობს გიორგი გასვიანი.

რატომ არის დისკრიმინაციული მოსაზრებების გახმიანება სახიფათო

იმის შესახებ, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს საზოგადოებას მედიის საშუალებით მსგავსი განცხადებების გავრცელებამ, ნეტგაზეთთან უფლებადამცველმა იდა ბახტურიძემ ისაუბრა. როგორც ის განმარტავს, დღესდღეობით მედიაში ქალზე და, ზოგადად, ადამიანებზე ძალადობის ფაქტების გაშარჟების ტენდენცია ჩანს.

“პრაქტიკულად, ყველა ცენტრალური არხიდან ყოველდღიურად გვესმის ქალზე და, ზოგადად, ადამიანზე ძალადობის გაკომიკურება, გაშარჟება და ამის მოყოლა ამბად, როგორც რაღაც კურიოზული ფაქტი, ან როგორც ადამიანის საგმირო საქმე. ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ზუსტად მედიის საშუალებით ხდება ამის ტირაჟირება იმ საზოგადოებაში, სადაც ქალებზე ძალადობის ასეთი მაღალი სტატისტიკა გვაქვს.

ბოლო 3 წლის განმავლობაში 76 ქალი მოკლეს და ყოველი მეშვიდე ქალი ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლია. ამ სიტუაციაში სწორედ მედია არის ერთ-ერთი, რომელიც წარმატებულად ახერხებს იმას, რომ გააღრმაოს ეს და კვლავწარმოება მოხდეს იმ კულტურისა და სტერეოტიპების, რის გამოც ხდება  ძალადობა ქალზე,” – ამბობს იდა ბახტურიძე.

როგორც უფლებადამცველი განმარტავს, პრობლემურია ისიც, რომ, როგორც წესი, ამგვარ გადაცემებში საპირისპირო პოზიციები არ ხმიანდება. ამასთანავე, არც ტელეკომპანია და არც მისი წამყვანი ამგვარ განცხადებებს მკვეთრად არ ემიჯნებიან.

“ძალიან დამაზიანებელია იმის ტირაჟირება, თითქოს სექსუალური აქტი არის დასჯის საშუალება ქალების მიმართ. ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ძალადობრივი კულტურის ნაწილია – სექსუალური აქტის წარმოჩენა, როგორც ძალადობა, სადაც გამარჯვებული ყოველთვის კაცია. ასეთი სტერეოტიპების გამყარებით ჩვენ ვტრიალებთ წრეზე. ერთი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ ცნობიერება შევცვალოთ, მაგრამ, მეორე მხრივ, მედია კვლავ ავრცელებს ასეთ განცხადებებს,” – დასძენს იდა ბახტურიძე.

მისივე თქმით, სტეროეოტიპებთან ბრძოლაში მედიას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი როლი აკისრია. იდა ბახტურიძის მოსაზრებით, ასეთ დროს მედია და საზოგადოება უნდა შეთანხმდნენ, რომ რიგ რესპონდენტებს ბოიკოტი გამოუცხადონ და სივრცე აღარ დაუთმონ.

“როდესაც გადაცემა ჩაწერილია, დამონტაჟებული და ბადეში ასეთი რამ ხვდება – ეს არის შეგნებული უპასუხისმგებლობა მედიის მხრიდან. მე მაინც მგონია, რომ ჩვენ, მოქალაქეებს, ამის გაპროტესტების შესაძლებლობა უნდა გვქონდეს და მინიმუმ იმის მოთხოვნის საშუალება, რომ ასეთ ადამიანებს აღარ მიეცეთ სივრცე,” – ამბობს ნეტგაზეთთან ინტერვიუში ბახტურიძე.

ზოგად მედიასტანდარტსა და საზოგადოებაში სტერეოტიპების მსხვრევის აუცილებლობაზე ნეტგაზეთთან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმაც ისაუბრა. მისი განმარტებით, პროფესიული სტანდარტები მედიას ავალდებულებს, რომ ყოველგვარი სტერეოტიპების გამყარებას ხელი შეუშალოს, ხოლო რესპონდენტის დისკრიმინაციულ ფრაზებს გაემიჯნოს.

“ეს გამიჯვნა არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც სიტყვიერად თქვას, მე ვემიჯნები რომელიმე განცხადებას, არამედ მთელი მისი სარედაქციო პოლიტიკა იმისკენ მიმართოს, რომ საზოგადოებას აჩვენოს, თუ როგორი მიუღებელია რედაქციისთვის სხვადსხვა  სტერეოტიპის, მათ შორის, გენდერული სტერეოტიპების გამყარება. აქ საუბარია არა რომელიმე ერთ კონკრეტულ გადაცემაზე, არამედ იმ სტანდარტზე, რომელიც ყველა მედიასაშუალებამ უნდა დაიცვას,” – ამბობს ნატა ძველიშვილი.

მისი სიტყვებით, როდესაც საუბარია ისეთ პრობლემურ საკითხზე, როგორიცაა ქალზე ძალადობა, მედიის პოზიტიური ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს ცნობიერების ამაღლებას და არ შეუწყოს ხელი ძალადობის ნორმალიზებას.

ნატა ძველიშვილის მოსაზრებით, მედიის პასუხისმგებლობა იზრდება, როდესაც დისკრიმინაციული და ძალადობრივი განცხადებები ისმის არა პირდაპირ ეთერში, არამედ დამონტაჟებულ გადაცემაში. მისივე თქმით, მსგავსი ნათქვამის ტირაჟირება უნდა ემსახურებოდეს ერთადერთს – რესპონდენტის სახის ჩვენებას.

“როდესაც ასეთი ტიპის განცხადებას არ მოჰყვება წამყვანის ან ჟურნალისტის შესაბამისი რეაქცია და ფოკუსი არ არის სწორედ ნეგატიური, უფრო მეტიც, როდესაც ეს იუმორისტულ ჟანრში თუ სხვადასხვა დადებითი ფორმატში იქნება წარმოჩენილი – ეს არის დისკრიმინაციული გამონათქვამების წახალისება. შესაბამისად, საერთო ჯამში, ეს საზოგადოებაში ძალადობის ნორმალიზებას მოგვცემს”, – მიიჩნევს ნატა ძველიშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი