რუსი ჯაშუშის დაკავების შემდეგ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ვიზიტი გააუქმა

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ავსტრიაში შეიარაღებული ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი დააკავეს. როგორც BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, პოლკოვნიკს რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებენ.

მას შემდეგ, რაც ჯაშუში გამოავლინეს და გამოძიებაც დაიწყო, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაილსმა, რომელიც ვლადიმერ პუტინის მეგობარია, მოსკოვში 2 დეკემბერს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ კნაილსის ქორწილშიც იყო დაპატიჟებული. მისი და პატარძალი მინისტრის ცეკვის ფოტო მაშინ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

როგორც BBC იტყობინება, ბრალდების თანახმად, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი საიდუმლო ინფორმაციას რუსულ მხარეს 20 წლის განმავლობაში აწვდიდა. ეს ინფორმაცია ავსტრიის საჰაერო ძალებთან, არტილერიასთან, მიგრაციის სისტემასთან და თავდაცვის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ დეტალებს შეიცავდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის “უსიამოვნოდ გაკვირვებულია” პოლკოვნიკის დაკავებით.

BBC წერს, რომ კნაილსმა მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების შემდეგ ავსტრიაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები დაიბარა.

გარეკანი ფოტო: რუსეთის პრეზიდენტი და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაილსი ქორწილში ერთად ცეკვავენ.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს ქორწილში პუტინის მიწვევის გამო აკრიტიკებენ

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან