ახალი ამბები

სამტრედიის საკრებულოს დეპუტატს ქალი ცემაში ადანაშაულებს

9 ნოემბერი, 2018 • 1529
სამტრედიის საკრებულოს დეპუტატს ქალი ცემაში ადანაშაულებს

სამტრედიის მუნიციპალური საკრებულოს  ღანარის თემის მაჟორიტარს მოქალაქე ცემაში ადანაშაულებს.

როგორც “ნეტგაზეთს” სამტრედიის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ განუცხადა, ინციდენტი გუშინ, 8 ნოემბერს მოხდა.

ემზარ შუბლაძის თქმით, ქალი, რომელიც ცემაში ადანაშაულებს ბადრი შენგელიას, საკრებულოს თავმჯდომარესთან რამდენიმე საკითხის გასარკვევად იყო მისული, რის შემდეგაც სოფელ ღანარის მაჟორიტართან შეხვედრაც ითხოვა:

“საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში ყოფილა შვილის საკითხთან დაკავშირებით, დაუჯარიმებიათ სამხედრო სავალდებულო სამსახურის საკითხზე. როგორც ეს ქალი ამბობს, მაჟორიტარის ნახვაც მოინდომა სოფელში არსებულ პრობლემებზე  სასაუბროდ. უთქვამს, თქვენ დააქციეთ სოფელიო, რამაც, როგორც ეს ქალი ჰყვება, გააღიზიანა შენგელია და ფიზიკურად გაუსწორდა, შუაში კი საკრებულოს თავმჯდომარე ჩადგა”, – ამბობს დეპუტატი.

“ნეტგაზეთი” სოფელ ღანარის მაჟორიტარსაც დაუკავშირდა. ბადრი შენგელია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა მოქალაქესთან სიტყვიერ დაპირისპირებას ადასტურებს. შენგელიას თქმით, პოლიციაში გამოკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ, თუმცა მზადა არის, სამართალდამცავ უწყებებთან ითანამშრომლოს და ჩვენებაც მისცეს.

მომხდარს შსს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი