დევი ჭანკოტაძე სამხედრო სამსახურში აღარ არის და მას პოზიციის დაფიქსირება შეუძლია – ვაშაძე

[დევი] ჭანკოტაძე სამხედრო სამსახურში აღარ არის, აქედან გამომდინარე, მას შეუძლია მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსიროს”, – ასე ეხმაურება გრიგოლ ვაშაძის შტაბის უფროსი გიორგი ვაშაძე ყოფილი სამხედრო მოსამხაურეების მიერ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვას.

“მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსეული პოზიცია, რომელიც თითოეულმა მოქალაქემ უნდა დააფიქსიროს და, მით უმეტეს, იმ ადამიანებმა, ვისაც უშუალოდ საკუთარ მხრებზე აქვთ გადატანილი საქართველოს დაცვა”, – ამბობს ვაშაძე ტელეიმედთან საუბარში.

ვიდეომიმართვა, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა ჩაწერილი, გენშტაბის ყოფილი უფროსის, დევი ჭანკოტაძისა და სხვათა მონაწილეობით, გუშინ, 8 ნოემბერს გამოქვეყნდა. ჭანკოტაძე აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ არ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანა რუსეთთან ომის დაწყებაში დაადანაშაულა.

“რამდენიმე კვირაში საქართველო აირჩევს ახალ პრეზიდენტს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში; ადამიანი, რომლის ბრალდების საფუძველზე ჰააგის ტრიბუნალზე რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენი ბიჭები გაასამართლოს, ჩვენი გმირები გაასამართლოს, ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები… მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს გააკეთებს სწორ არჩევანს და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი და ღირსეული მთავარსარდალი”, – აცხადებს ის.

ვიდეომიმართავას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებით, ვიდეომიმართვაში მონაწილე ადამიანები წლებია შეიარაღებულ ძალებში აღარ მსახურობენ. თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ მასალა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად და ჯარის პოლიტიზაციის მცდელობას წარმოადგენს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის თქმით, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ყველას შეუძლია, თუმცა, მისი აზრით, ადამიანებმა ეს უნდა გააკეთონ სამხედრო ფორმის გარეშე.

“მიუხედავად იმისა, ვინ ვის მხარეზეა, მე ვთხოვ ყველას, რომ თუ ვინმეს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება სურს, გაიხადოს სამხედრო მუნდირი, გააკეთოს პოლიტიკური განცხადება, ამას არაფერი კრძალავს. თუმცა სამხედრო ფორმით, ეს არის მეტ-ნაკლებად იმ არასწორი პრინციპებისაკენ მითითება, რასაც საერთაშორისო საზოგადოება იცავს. ყველას ვურჩევ, თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები ისე გამოხატონ, რომ ამას სამხედრო მუნდირთან კავშირი არ ჰქონდეს”, – განაცხადა სესიაშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com