ახალი ამბებისამართალი

ხორავას საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მერაბ მორჩაძე პირობითით გაათავისუფლეს

9 ნოემბერი, 2018 • 2471
ხორავას საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მერაბ მორჩაძე პირობითით გაათავისუფლეს

დღეს, 9 ნოემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

პროკურორ მირიან მეგრელიშვილის ინფორმაციით, ბრალის აღიარების და დამნაშავედ ცნობის შემდეგ, მერაბ მორჩაძეს 2 წლის ვადით პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, ამით დასრულდა არსებითი განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულ მერაბ მორჩაძის სიხლის სამართლის საქმეზე, რომლის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა სასამართლომ.

პროკურორის ინფორმაციით, მერაბ მორჩაძე დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში შესაბამისი კვალიფიკაციით და მას დაენიშნა შესაბამისი სასჯელი. კონკრეტულად, როგორც პროკურორმა განაცხადა, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მოწმის დაყოლიებას გულისხმობს მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისათვის. პროკურორის თქმით, სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით დადგა მორჩაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი.

რაც შეეხება სასჯელს, პროკურორ მირიან მეგრელიშვილის განმარტებით, ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც მიმართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. პროკრურორის თქმით, მერაბ მორჩაძეს აღნიშნულის საფუძველზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და დაენიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით.

მერაბ მორჩაძის ადვოკატის, მერაბ ჩიქოვანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით მოწმის დაყოლიებას აღიარებს. ადვოკატის თქმით, მერაბ მორჩაძე მოწმის მოსყიდვას არ აღიარებს, რადგან, მისი მტკიცებით, ეს იყო ჩვეულებრივი ყოფითი საუბრის შედეგი, რა დროსაც მან უთხრა მიხეილ კალანდიას აღნიშნული: “მოსყიდვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ეს დადგინდა სასამართლო გამოძიების დროს.”

მერაბ მორჩაძე, 2018 წლის ივნისში, მას შემდეგ დააკავეს, რაც მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები დაიწყო დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით. მერაბ მორჩაძეს ბრალი ოფიციალურად 10 ივნისს წარედგინა.

გამოძიების მტკიცებით, მერაბ მორჩაძემ, სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა ბრალდებულ მიხეილ კალანდიაზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს – ბრალდებულ გ.ჯ-ს. პროკურატურის ინფორმაციით, მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებ კალანდიებს, ბრალდებულ გ. ჯ-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა და სანაცვლოდ მიხეილ კალანდიას მოსთხოვა სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა, რომ თითქოს მას დანაშაულის ჩადენის მომენტში გ.ჯ-ს ხელში არ დაუნახავს მკვლელობის იარაღი. ბრალდების მიხედვით, მერაბ მორჩაძე მიხეილ კალანდიას ასევე დაჰპირდა სამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენების შეცვლით გამოწვეული შესაძლო პრობლემების მოგვარებას და საკუთარი კავშირების გამოყენებას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის.

მერაბ მორჩიძე რამდენიმე თვის განმავლობაში ბრალს არ აღიარებდა და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა. ბრალდებული ირწმუნებოდა, რომ ძმებ კალანდიებს დედის გარეშე არასდროს შეხვედრია და მათთვის ცრუ ჩვენების სანაცვლოდ ფული არასდროს შეუთავაზებია, თუმცა დაკავებიდან მეექვსე თვეს ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პირობითით გათავისუფლდა პატიმრობიდან.

  • ზაზა სარალიძის განცხადებით, მერაბ მორჩიძე ვითომ მღელვარების ჩასახშობად იყო დაკავებული, რაც მირზა სუბელიანის ხრიკების ნაწილი იყო.

ვრცლად:

მერაბ მორჩაძე ვითომ მღელვარების ჩასახშობად იყო დაკავებული – ზაზა სარალიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი