ახალი ამბები

კომისიის განმარტება საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მემორიალის განთავსებაზე უარის შესახებ

9 ნოემბერი, 2018 • 1365
კომისიის განმარტება საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მემორიალის განთავსებაზე უარის შესახებ

თბილისის მერიის “სახვითი ხელოვნების ძეგლის, ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განსახილველი კომისია” “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მოთხოვნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ცირე ზომის დაფების ნაცვლად საერთო მემორიალის განთავსება მიიჩნიეს მიზანშეწონილად.

კომისიამ “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას” (“სოვლაბს”) რამდენიმე დღის წინ უარი უთხრა ორ ქუჩაზე საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მემორიალური ნიშნების განთავსებაზე. საუბარია ნიკოლაძის #7-სა და დიღომბარის #7 სახლების ფასადებზე, რომლებზეც კომისიამ დაფების განთავსება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას” აღნიშნული გადაწყვეტილება აბსურდულად მიაჩნია.

განცხადებაში, რომელიც თბილისის მერიიდან “ნეტგაზეთს” მიაწოდეს, წერია, რომ კომისიაზე “სოვლაბის” მიერ წარდგენილი იყო “სტანდარტულზე ბევრად მცირე ზომის დაფა თითოეულ რეპრესირებულ პირზე ცალ-ცალკე”.

განცხადების თანახმად, კომისიამ იმსჯელა, “ტერორის მსხვერპლთა რეალური რიცხვიდან გამომდინარე, რა მასშტაბზე შეიძლება გავიდეს ამ შინაარსის დაფების განთავსება და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დაფების ნაცვლად, რეპრესიების და საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა პატივის მისაგებად განისაზღვროს გარკვეული ადგილი, შემუშავდეს კონცეფცია და განთავსდეს მემორიალური ობიექტი, რომელზეც მოხდება თითოეული მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის დატანა და მომავალშიც შესაძლებელი იქნება დამატება”.

კომისიის განმარტებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალური დაფები არ თავსდება სხვადასხვა შენობაზე და მათ საცხოვრებელ სახლებზე, რადგან “ყველა მათგანის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია გმირთა მოედანზე არსებულ მემორიალზე”.

კომისიის განმარტებით, გადაწყვეტილების გამოტანისას მათ იმსჯელეს “საბჭოთა კავშირის ტერორიის ერთიან სივრცეში წარმოსახვაზე, რაც ბევრად უფრო თვალშისაცემს გახდის რეპრესიების მასშტაბს”.

სოვლაბი წერდა: “არაფერს ვამბობთ გადაწყვეტილების კანონიერებაზე, უარი უთხრან რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახის წევრებს და შთამომავლებს, თავად გადაწყვიტონ, რა ფორმით სურთ მათ მშობლების და წინაპრების ხსოვნის უკვდავყოფა”.

კომისია წერს, რომ მათი ფუნქცია სწორედ ისაა, რომ “განსაზღვროს, ამა თუ იმ პირის თუ ფაქტის (მოვლენის) პატივის მისაგებად რა ფორმა შეიძლება შეირჩეს და ისინი საკუთარი კომპეტენციათა ფარგლებს საკითხზე მსჯელობისას ნამდვილად არ გასცილებიან, რაც აქტის კანონიერების ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობას არ იძლევა”.

განცხადების თანახმად, მიზანშეწონილობის კომისია განიხილავს ყველა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მემორიალური დაფების განთავსების სურვილის შემთხვევაში კი დამატებით საჭიროა არქიტექტურის სამსახურის თანხმობა, თუმცა მხოლოდ მათი ნებართვა ვერ ანაცვლებს მიზანშეწონილობის კომისიის თანხმობას.

გაიგეთ მეტი:

SOVLAB: თბილისის მერია ორ ქუჩაზე საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მემორიალს არ გვათავსებინებს

მასალების გადაბეჭდვის წესი