ახალი ამბები

კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარს შეისწავლის

9 ნოემბერი, 2018 • 2281
კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარს შეისწავლის

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური 2019 წლიდან ფარმაცევტული ბაზრის აქტიურად შესწავლას აანონსებს. საკითხი დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა შესაბამისი რეკომენდაცია გასცა.

ნოდარ ხადურმა კომერსანტთან ინტერვიუში განმარტა, რომ აღნიშნული პროექტი გრძელვადიანია და ეტაპებად დაიყოფა.

“მომავალში ჩვენც ვგეგმავდით ფარმაცევტული ბაზრის შესწავლას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ეს სახალხო დამცველის რეკომენდაცია გახლავთ. ამჟამად ვმუშაობთ გეგმაზე, რომელსაც პარლამენტსა და სახალხო დამცველს წარვუდგენთ. პარალელურად გვაქვს კონსულტაციები ბიზნესთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფარმაცევტებთან იმის შესახებ, თუ რომელი მიმართულებით დავიწყოთ კვლევა. მუშაობის პროცესში უნდა მოხდეს ბაზრის სეგმენტაცია, რადგან მოგეხსენებათ, საკმაოდ ფართო და მასშტაბური სპექტრია,” – განუცხადა კომერსანტს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ.

ნოდარ ხადური არ აკონკრეტებს, რომელი მიმართულებით დაიწყება ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა. მისი თქმით, ამ საკითხს დარგის სპეციალისტები გადაწყეტენ. ხადურის განცხადებით, სხვადასხვა მედიკამენტსა და მის ჯგუფებზე დაიწყება აქტიური მონიტორიგი.

კომერსანტთან საუბრისას ხადური ვარაუდობს, რომ პირველ ეტაპზე სააგენტო შეისწავლის ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მედიკამენტებს. კომერსანტის კითხვაზე, არის თუ არა არაჯანსაღი კონკურენცია მედიკამენტების გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი, ხადური პასუხობს, რომ დეტალებზე საუბარი ნაადრევია. მისი თქმით, ბაზრის მონიტორინგი და შესწავლა იწყება იმისთვის, რომ ვნახოთ, რა ფაქტორებითაა გამოწვეული ზოგადად არსებული მდგომარეობა.

  • თურქეთში თითქმის მესამედ ფასად შეიძლება საქართველოში ძვირადღირებული წამლების შესყიდვა. სპეციალისტების აზრით, ეს საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების მოგების მაღალი მარჟითაა გამოწვეული. გარდა ამისა, მნიშვნელოვან ფაქტორს ასრულებს მიდგომა ჯანდაცვის საკითხებისადმი ორი ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკაში.

ნეტგაზეთის სტატიაში შეგიძლიათ გაიგოთ, ვის შემოაქვს წამლები საქართველოში, რა აძვირებს წამალს ადგილობრივ ბაზარზე, რატომ ღირს მედიკამენტები მეზობელ თურქეთზე ორჯერ ძვირი და როგორ ცდილობენ საქართველოს მოქალაქეები ძვირადღირებული წამლების შემოტანას ქვეყანაში.

ვრცლად:

რატომ ღირს წამლები საქართველოში ორჯერ უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი