ახალი ამბები

გასაყოფი არაფერი შეიძლება გვქონდეს — მაჩალიკაშვილი რობაქიძე-გირგვლიანის ოჯახებზე

9 ნოემბერი, 2018 • 6868
გასაყოფი არაფერი შეიძლება გვქონდეს — მაჩალიკაშვილი რობაქიძე-გირგვლიანის ოჯახებზე

მალხაზ მაჩალიკაშვილი ეხმაურება 7 ნოემბერს მათი აქციის პარალელურად გამართულ დემონსტრაციას  და ამბობს, რომ მწუხარებას გამოტახავს ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის და სხვა მოკლული ადამიანების ოჯახების მიმართ.

“მათი მკვლელობა წინა ხელისუფლების დანაშაული და მძიმე შეცდომა იყო და მე ეს მესმის. მათი ტკივილი ჩემი ტკივილია. ჩემი ტკივილი კი მათი ტკივილი უნდა გახდეს. ამიტომ მგონია, რომ ჩვენ გასაყოფი არაფერი შეიძლება გვქონდეს”, – წერს მაჩალიკაშვილი, რომელიც მესამე თვეა ზაზა სარალიძესთან ერთად პარლამენტის წინ აქციებს მართავს მათი შვილების მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით.

გირგვლიანი და რობაქიძე წინა ხელისუფლების მმართველობის დროს დახოცეს. რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა; სანდრო გირგვლიანი კი 2006 წელს შსს-ს თანამშრომლებმა აიყვანეს ოქროყანაში, სადაც ის წამების შედეგად გარდაიცვალა. ამ შემთხვევიდან მალევე, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე, რომელიც გამუდმებით მოითხოვდა დამნაშავეების დასჯას და აპროტესტებდა ხელისუფლების ქმედებებს მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით.

ორი დღის წინ, 7 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოწინააღმდეგეები, რომლებმაც დაგმეს ამ პარტიის მმართველობის პერიოდი. დემონსტრანტთა რიგებში იმყოფებოდა ია მეტრეველი, ბუტა რობაქიძის დედა.

როდესაც დემონსტრაციამ პარლამენტის შენობას მიაღწია, მეტრეველმა სამძიმარი გამოუცხადა სარალიძესა და მაჩალიკაშვილს, თუმცა განაცხადა, რომ “ასეთი ფაქტები, როდესაც მოზარდები ერთმანეთს სასტიკად უსწორდებიან … სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმიდან მომდინარეობს, როდესაც მთელი 9 წელი აგრესიის მეტს არაფერს უსმენდნენ ტელევიზიით და კომპიუტერით”. ამის შემდეგ კი დემონსტრაცია გააგრძელეს.

მაჩალიკაშვილი 7 ნოემბრის აქციას მისთვის და მისი ოჯახისთვის “განსაკუთრებით მძიმე გამოცდილებას” უწოდებს.

“ვუყურებდი პოლიციის კორდონის სხვადასხვა მხარეს მდგომ შვილმკვდარ მშობლებს და ვწუხდი, რომ ჩვენი საზოგადოება ამ მდგომარეობამდე მივიდა. უსამართლობა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს, დღეს გვყოფს. ტკივილი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს, დღეს პოლიტიკურად გამოყენებულია. საერთოობა, რომელმაც ჩვენ საზოგადოებად უნდა გვაქციოს, დარღვეულია”, – წერს იგი.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ “სამართლიანობის ბრძოლაში მხოლოდ თემირლანის დაკარგვის გამო” ჩაერთო, შემდეგ აგრძელებს:

“ცხადია, ჩვენს ხალხს ჩეჩნეთში ომის დიდი ტკივილი და მეხსიერება აქვს. მაგრამ ის ჩვენი წარსულის ნაწილია. ყოველდღიურობაში უსამართლობაზე ჩემი ხედვა შეიძლება ესეთი ფხიზელი არ იყო. მაგრამ თემირლანმა ყველაფერი შეცვალა. დღეს ჩემი ბრძოლა თემირლანისთვის მიძღვნილი ბრძოლაა მხოლოდ. მაგრამ ამ ტრაგედიამ და ბრძოლამ უსამართლობა, როგორც ყველას საერთო პრობლემა დამანახა”, – წერს იგი.

მაჩალიკაშვილის თქმით, ამ პერიოდში უამრავ ადამიანს შეხვდა, რომელსაც “სხვადასხვა დროს და ხელისუფლებების დროს შვილი მოუკლეს, უკანონოდ დასაჯეს, გააღარიბეს, ადამიანობა და ღირსება წაართვეს”.

მაჩალიკაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ ითხოვდნენ ის და სარალიძე ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერას:

“თავად ამ სისტემამ ჩვენს მიმართ სამართლიანობის აღდგენის ნება არ აჩვენა და ჩვენ მისი იმედი და ნდობა სრულად დავკარგეთ. ეს იმედი წინა ხელისუფლების დროს დაკარგეს სხვებმა. მაგრამ დღეს ჩვენი პოლიტიკური რეალობა ისეთია, როგორიც არის. ორად გაყოფილი და მტრული. ჩვენ ამ რეალობის მსხვერპლები ვართ და გამოსავალი თითქოს არც ჩანს. უბრალოდ, ყველას მინდა ესმოდეს, რომ ზაზას და ჩემი ეს ბრძოლა ინტერესის ბრძოლა არ არის. ეს უიმედო და სიცოცხლეწართმეული ადამიანების ბრძოლაა, რომელსაც სისტემამ სხვა გზა არ დაუტოვა. შეიძლება ეს გზა მარცხიანია, მაგრამ სხვა გზა ჩვენ ამ რეალობამ არ დაგვიტოვა”.

წერილის ბოლოს მაჩალიკაშვილი აღნიშნავს: “შეიძლება ბრძოლების გზები ერთმანეთს გავუკრიტიკოთ, მაგრამ ჩვენ უნდა გვეყოს ძალა ერთმანეთის ტკივილის და საერთო უსამართლობის გაგება შევძლოთ. იქნებ მანდ არის გამოსავალიც”.

მასალების გადაბეჭდვის წესი