ახალი ამბები

ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, აღარ მისცეს მიგრანტებს თავშესაფარი

9 ნოემბერი, 2018 • 1432
ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, აღარ მისცეს მიგრანტებს თავშესაფარი

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო ზომები, რომლითაც უფლება ექნებათ, ქვეყანაში დოკუმენტების გარეშე შემოსულ ადამიანებს თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრან.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შემოიღო ახალი წესი, რომელიც პრეზიდენტს ანიჭებს ძალას, “შეაკავოს უცხოთა შემოსვლა” ქვეყანაში და დააწესოს “ნებისმიერი სახის აკრძალვები, რასაც საჭიროდ ჩათვლის”.

ამ ახალ აქტს “საბოლოო შუალედური წესის” სახელით იცნობენ.

იუსტიციისა და ეროვნული უშიშროების დეპარტამენტების ერთობლივი განცხადება ამბობს, რომ პრეზიდენტს შეუძლია, შეაჩეროს მიგრაცია “ეროვნული ინტერესის გათვალისწინებით”.

ის ადამიანები, ვინც პრეზიდენტის განკარგულებას დაარღვევენ და დოკუმენტების გარეშე შევლენ ქვეყანაში, თავშესაფარს ვერ მიიღებენ.

როგორც Washington Post წერს, ახალ წესს, სავარაუდოდ, გაასაჩივრებენ უფლებადამცველი ორგანიზაციები. იმიგრანტთა მხარდამჭერი ჯგუფები მიუთითებენ, რომ აშშ-ის კანონი ცხადად იძლევა საფუძველს, ნებისმიერ ადამიანს მისცენ თავშესაფარი, ვინც აშშ-ის საზღვარზე მივა.

ტრამპმა, რომელიც ხშირად ესხმის ხოლმე თავს ლტოლვილთა ჯგუფს (“მიგრანტების ქარავანს”), ოქტომბრის ბოლოს ჯარისკაცებს უბრძანა, საზღვარი აკონტროლონ.

ტრამპმა თავშესაფრის მაძიებლების შემოსვლა “შემოსევად” შეაფასა. საუბარია დაახლოებით 7 000-მდე ადამიანზე, რომლებიც მექსიკის გავლით მიემართებიან შტატებისკენ.

2018 წლის შუალედურ არჩევნებში იმიგრაცია ძირითადი საკითხი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი