ახალი ამბები

SOVLAB: თბილისის მერია ორ ქუჩაზე საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მემორიალს არ გვათავსებინებს

8 ნოემბერი, 2018 • 2355
SOVLAB: თბილისის მერია ორ ქუჩაზე საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მემორიალს არ გვათავსებინებს

თბილისის მერიამ “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას” უარი უთხრა ორ ქუჩაზე საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მემორიალური ნიშნების განთავსებაზე. ამის შესახებ თავად ორგანიზაცია იუწყება.

შესაბამისი გადაწყვეტილება მერიის “სახვითი ხელოვნების ძეგლის, ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განსახილველმა კომისიამ” მიიღო.

“სოვლაბის” განცხადებით, საუბარია ნიკოლაძის #7-სა და დიღომბარის #7 სახლების ფასადებზე, რომლებზეც კომისიამ დაფების განთავსება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. დოკუმენტის მიხედვით, ამის ნაცვლად ორგანიზაციას შესთავაზეს, რომ ტერორის მსხვერპლთა სახელები და გვარები ერთიან დაფაზე განთავსდეს.

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას” აღნიშნული გადაწყვეტილება აბსურდულად მიაჩნია. ორგანიზაცია აცხადებს,  რომ მსგავს შემთხვევებს მერიის არქიტექტურის სამსახური განიხილავს.  ზემოხსენებული კომისია რუსთაველის გამზირზე, აზარიანცის სახლის ფასადზე პირველი ასეთი დაფის ნებართვის გაცემის პროცესში სულაც არ ყოფილა ჩართული.

“სიტუაციის ტრაგიკომიკურობას ამძაფრებს ფაქტი, რომ პირველი ნიშანი უკვე განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადზე, ხოლო აღნიშნული სახლები არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადზე ნიშნის განთავსებას არქიტექტურის სამსახური განიხილავს ხსენებული “კომისიის” ჩართულობის გარეშე, ელექტრონული წესით და სწორედ მათი ნებართვით განთავსდა პირველი ნიშანი და განთავსდება მომდევნოებიც იმ სახლებზე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია და სადაც ტერორის მსხვერპლი ადამიანები ცხოვრობდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

“სოვლაბის” განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით  მერია უარს ეუბნება საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა ოჯახებს, თავად გადაწყვიტონ, რა ფორმით მიაგონ პატივი დაღუპული წინაპრების ხსოვნას:

“კომისიის” გადაწყვეტილება უფლებას გვიტოვებს დავასკვნათ, რომ  ან მას ძალზე დიდი წარმოდგენა აქვს ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალიზაციის საკითხებში საკუთარ კომპეტენციაზე (როდესაც ის მიზანშეუწონლად მიიჩნევს ხსოვნის პროექტს, რომელიც საერთაშორისო დონეზე მიმდინარეობს), ან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა – რომ მოქალაქეებმა, უშუალოდ მათ საცხოვრებელ სივრცეში ვერ დააფიქსირონ და გაიაზრონ საბჭოთა ტერორის მასშტაბი”.

საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მემორიალური დაფები შენობათა ფასადებზე საერთაშორისო ინიციატივის, “უკანასკნელი მისამართის” ფარგლებში თავსდება. “სოვლაბი” ამ ინიციატივის საქართველოს ორგანიზაციის თანადამფუძნებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი