ვოლსკის თქმით, ოკუპაცია წინა ხელისუფლების “მოღალატეობრივი ქმედებების” გამოძახილია

გია ვოლსკიმ “ნაციონალური მოძრაობის” “ბინძური პროვოკაცია”უწოდა ატოცში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ატოცში ჩასულ სალომე ზურაბიშვილს “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი დაუპირისპირდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“სამარცხვინო და უზნეო რეჟიმი უტიფრად უარყოფდა რუსულ აგრესიას და პირადად გრიგოლ ვაშაძე გვიმტკიცებდა, რომ რუსეთი გაკვირვებულია დე ფაქტო ხელისუფლების ქმედებებით.

ეს არის შემაძრწუნებელი რეალობა და მოცემულობა, რომლის გადასაფარად “ნაციონალურმა მოძრაობამ” მორიგ ბინძურ პროვოკაციას მიმართა დღეს: სააკაშვილის ყოფილმა თანამშრომელმა შეურაცხმყოფელი, უშვერი სიტყვებით მიმართა ქალბატონ სალომეს.

ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” არასოდეს გამოსულა ვიწროპარტიული ინტერესებიდან. ეს სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა”.

მისი თქმით, ატოცში შექმნილი ვითარება და მავთულხლართების მონტაჟი წინა ხელისუფლების “მოღალატეობრივი ქმედებების” შედეგია. მან “ნაიცონალურ მოძრაობას” ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზეც დააკისრა პასუხისმგებლობა და განაცხადა:

“ეს იმ დანაშაულებრივი შეცდომებისა და მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოძახილია, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ჩაიდინა ხალხის წინაშე. მეტიც, სწორედ მათ გასწირეს სასიკვდილოდ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც არ გამოიყვანეს საბრძოლო მოქმედებების ზონიდან”.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ატოცში და ინციდენტი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან