ახალი ამბები

დაინიშნება თუ არა მეორე ტური შუა კვირაში

8 ნოემბერი, 2018 • 1960
დაინიშნება თუ არა მეორე ტური შუა კვირაში

ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას შუა კვირაში გეგმავს, რაც მათი თქმით, როგორც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ პირებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას შეუზღუდავს.

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ეს განპირობებულია პირველ ტურში ოპოზიციური კანდიდატების მიერ საზღვარგარეთის უბნებზე მიღწეული წარმატებით:

“არის თითქმის დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აპირებენ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ისტორიაში პირველად არჩევნები დანიშნონ სამუშაო დღეს, რაც ფაქტობრივად, არ მისცემს საშუალებას საზღვარგარეთ  ლეგალურად მყოფ ჩვენს თანამემამულეებს მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან. ეს არის აღმაშფოთებელი და კეთდება სპეციალურად, რადგან ემიგრაციამ თითქმის 100 %-ით ხმა მისცა გაერთიანებულ ოპოზიციას“, -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიციის ვარაუდს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ ადასტურებენ, თუმცა არც უარყოფენ. ცესკოში განამრტავენ, რომ მოქმედი კანონმდებლობით არჩევნების მეორე ტური ცესკოს მიერ შედეგების შეჯამებიდან ორი კვირის თავზე უნდა დაინიშნოს. არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება კი, ცესკოს სპიკერის განცხადებით, მთელ რიგ პროცედურებზეა დამოკიდებული.

ანა მიქელაძის თქმით, უკიდურესი ვადა არჩევნების შედეგების შეჯამებისთვის 17 ნოემბერია. თუ კომისია შედეგების შესაჯამებლად ბოლო ვადას გამოიყენებს, არჩევნები პირველ დეკემბერს, შაბათ დღეს დაინიშნება. თუმცა, მიქელაძის თქმით, არჩევნების შეჯამება შესაძლოა მანამდე მოხდეს:

“მეორე ტურის დანიშვნის თარიღი პირდაპირ არის მიბმული არჩევნების შედეგების შეჯამებასთან ცესკოს მიერ. ხოლო შედეგების შეჯამება თავის მხრივ არის დამოკიდებული იმ პროცედურებზე, რომელიც კანონმდებლობით არის გაწერილი. ეს დამოკიდებულია გასაჩივრების პროცედურებზე“, – ამბობს მიქელაძე. 

როგორც “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ირმა პავლიაშვილი ამბობს, საპრეზიდენტო არჩევნები ერთადერთია, რომლის ჩატარების დღესაც მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს. საარჩვნო კოდექსის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევნები კვირადღეს იმართება, თუმცა ჩანაწერი პირველ ტურს ეხება. მეორე ტურის თარიღად კი კანონმდებლობა არჩევნების შეჯამებიდან ორი კვირის ვადას განსაზღვრავს.

არჩევნები შუა კვირაში დაინიშნა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. მაშინ არჩევნების თარიღს საქართველოს პრეზიდენტი ადგენდა, კანონმდებლობა კი გამონაკლისის სახით საპრეზიდენტო არჩევნების კვირადღეს ჩატარების აუცილებლობას არ მოიცავდა. ხუთშაბათ დღეს საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას პრობლემურად მიიჩნევდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ორგანიზაციებში აცხადებდნენ, რომ საკითხის პრობლემურობა 2012 წლის 1 ოქტომბერსაც გამოიკვეთა, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ორშაბათს დღეს გაიმართა:

“საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება, თუმცა ეს გარემოება საკმაოდ სერიოზულ პრობლემას უქმნის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. მათთვის პრაქტიკულად შეუძლებელია საარჩევნო უფლების რეალიზება იმ ვითარებაში, როდესაც არჩევნები სამუშაო დღეს ტარდება. რადგან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები მათთვის არა უქმე, არამედ ჩვეულებრივი სამუშაო დღე იქნება. აღნიშნული პრობლემა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც მკაფიოდ გამოიკვეთა.
სამუშაო კვირის შუა პერიოდში არჩევნების გამართვა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც გარკვეულ დაბრკოლებას წარმოადგენს, რადგან ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველს მისი რეგისტრაციის ადგილზე სჭირდება მისვლა, რაც ხშირად ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილებას გულისხმობს, რისთვისაც ერთი სამუშაო დღის უქმად გამოცხადება საკმარისი არ არის” ,- აცხადებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
საბოლოოდ, მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაიზიარა არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არასამუშაო დღეს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი