ახალი ამბები

C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს სკრინინგი იუსტიციის სახლებშიც ჩაუტარდებათ

8 ნოემბერი, 2018 • 1549
C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს სკრინინგი იუსტიციის სახლებშიც ჩაუტარდებათ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის ფარგლებში მოქალაქეებს სკრინინგის ჩატარება იუსტიიის სახლებშიც შეეძლებათ.

როგორც უწყება განმარტავს, მსგავსი სერვისი საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლშია შესაძლებელი, კერძოდ: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ახალქალაქში, თელავში, ოზურგეთში, ახალციხეში, გურჯაანსა და ფოთში. პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება პირველი-კონფირმაციული ტესტი და გენოტიპირების ანალიზი. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება.

ამასთანავე, სამინისტროს თქმით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და ვეტერანებისთვის მოქმედებს 70%-იანი თანადაფინანსების სისტემა.

“გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უკვე დაწყებულია დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იქნება მინიმუმ ერთი დაწესებულება, რომელებშიც ბენეფიციარებს სრულ სერვისს შესთავაზებენ. პროცესში ასევე ჩართულია ზიანის შემცირების ცენტრები, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის – ნარკომომხმარებელთა ჩართვისთვის. დეცენტრალიზაციის პროექტში უკვე ჩართულია 8 პირველადი ჯანდაცვის და 3 ზიანის შემცირების ცენტრი”, – ამბობს სამინისტრო თავის განცხადებაში.

ბენეფიციარებს პროგრამაში რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევთ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა. ცვლილების თანახმად, რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადავიდა პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია. ბენეფიციარები მკურნალობის დაწყებას დარეგისტრირებიდან 7 დღეში შეძლებენ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი ბენეფიციარი. მკურნალობაში ჩაერთო 49 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო  დაასრულა 45 000-ზე მეტმა პირმა, განკურნების მაჩვენებელი 98,3%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი