სალომე ზურაბიშვილი დღეს ატოცში ჩავა

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს სოფელ ატოცში ჩავა, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს ატარებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ ზურაბიშვილის შტაბი ავრცელებს. ატოცში მიმდინარე მოვლენებს სალომე ზურაბიშვილი გუშინ სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოეხმაურა.

“სოფელ ატოცში რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი ტერიტორიულ სუვერენობის ხელყოფისა! დასაგმობი და არა მხოლოდ დასაგმობი! ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია, რომ დავიწყოთ ჩვენს პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საოკუპაციო ხაზის საკითხის გამოსასწორებლად . ამ მიმართულებით პრეზიდენტის ფუნქციაში მოსვლისთანავე შევუდგები მუშაობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და ამერიკელ პარტნიორებთან”, – წერს ზურაბიშვილი.

არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი საჯარო სივრცეში მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა. 30 ოქტომბერს მან გააკეთა განცხადება და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. ზურაბიშვილი ასევე დაესწრო პოლონური ინსტიტუტის გახსნისადმი მიძღვნილ მიღებას. არცერთ ამ ღონისძიებაზე პრეზიდენტობის კანდიდატს მედიის კითხვებისთვის არ უპასუხია, ასევე, არ შეხვედრია მხარდამჭერებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი