ახალი ამბები

“რადიო თავისუფლების” ჩრდ. კავკასიის ბიუროს ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

8 ნოემბერი, 2018 • 2435
“რადიო თავისუფლების” ჩრდ. კავკასიის ბიუროს ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

“რადიო თავისუფლების” ჩრდილოკავკასიური სამსახურის ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს.

როგორც “თავისუფლების” ჩრდილოკავკასიური გამოცემის, ჩეჩნურენოვანი “რადიო მარშოს” ჟურნალისტმა ასლანბეკ დადაევმა ნეტგაზეთს მისწერა, იგი დარწმუნებულია, რომ საზღვრის კვეთის შეზღუდვა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

დადაევის თქმით, ორი კვირის წინ მანქანით მიემგზავრებოდა საქართველოში, თუმცა რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან უკან გააბრუნეს. მიზეზი ადგილზე არ განუმარტეს, 7 ნოემბერს კი მიიღო დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ “ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს”.

დოკუმენტში, რომელიც დადაევმა “ნეტგაზეთს” მიაწოდა, მხოლოდ ის წერია, რომ საქართველომ ქვეყანაში შემოსვლაზე მას უარი უთხრა შემდეგი საფუძვლით: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს”. რა მოთხოვნებზეა საუბარი, გაურკვეველია.

დოკუმენტი, რაც დადაევმა მიიღო.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც პასუხისმგებელია ამ საკითხზე. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

დადაევი, რომელიც 1991 წლიდანა არის ჟურნალისტიკაში, “რადიო მარშოში” 2002 წლიდან მუშაობს.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს [არშემოშვება] ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. პანკისში ვიყავი, ველაპარაკებოდი ადგილობრივებს, ინტერვიუებს ვიწერდი. ვაშუქებდი სიტუაციას მალხაზ მაჩალიკაშვილის გარშემო. მისგან ინტერვიუც ავიღე”, — უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

ჟურნალისტის თქმით, აქამდე მსგავსი პრობლემა არ შეჰქმნია — იგი 2016 წელს 7 თვის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა, მუშაობდა და ყოველთვე ჩადიოდა სახლში.

მასალების გადაბეჭდვის წესი