ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი მანფრედ ვებერი გახდა

“ევროპის სახალხო პარტიის” (EPP) კანდიდატი ევროკომისიის პრეზიდენტობის პოსტზე ევროპარლამენტარი მანფრედ ვებერი იქნება.

ევროკომისიის პრეზიდენტობის პოსტზე წარსადგენი კანდიდატი EPP-მა ჰელსინკიში მიმდინარე კონგრესზე აირჩია. მანფრედ ვებერის კონკურენტი ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ შტუბი იყო. არჩევნებში “ევროპის სახალხო პარტიის” 621-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, აქედან 492-მა არჩევანი ვებერის სასარგებლოდ გააკეთა.

კენჭისყრამდე კანდიდატებმა კონგრესს მიმართეს და ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით თავიანთი ხედვების შესახებ ისაუბრეს. თავის სიტყვაში შტუბმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც გაიხსენა.

“ჩვენ დავამარცხეთ ორივე – ფაშიზმი და კომუნიზმი, და ჩვენ გვჯეროდა ფასეულობების. ჩვენ გვჯეროდა ლიბერალური დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თავისუფლების, ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური უფლებების, ტოლერანტობისა და თანასწორობის. ახლა რაც მაღელვებს, არის ის, რომ ეს ფასეულობები დარტყმის ქვეშაა ევროკავშირის გარედანაც და შინგითაც. ჩვენ გვჯეროდა, რომ საუკეთესო მოდელია  ლიბერალური დემოკრატია, სოციალური საბაზრო ეკონომიკა და გლობალიზაციის კომბინაცია. 2008 წლიდან ამან შეცვლა დაიწყო. პირველად იყო ფინანსური კრიზისი, ომი საქართველოში, შემდეგ უკრაინაზე თავდახსმა, 2015 წელს იყო მიგრაციის კრიზისი. ყველაზე დიდი დარტყმა- ჩვენი აზრით, ვისაც გვჯერა ლიბერალური დემოკრატიის- იყო 2016 წელს, ბრექსიტისა და ტრამპის არჩევნის გამო. მე მოგმართავთ ევროპის ლიდერებს – დადექით ბარიკადებზე და დაიცავით ლიბერალური დემოკრატია და კანონის უზენაესობა”, – განაცხადა შტუბმა.

რაც შეეხება მანფრედ ვებერს, მან ისაუბრა, თუ როგორ დაუპირისპირდება ნაციონალიზმს და პოპულიზმს ევროპაში, ამავდროულად, ყურადღება გაამახვილა უკანონო მიგრაციის აღმოფხვრისა და საზღვრების გამკაცრებაზე.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ მჭიდრო ურთიერთობებს ჩვენს მეზობლებთან, მაგრამ, ვფიქრობ, დროა განვსაზღვროთ დღევანდელი ევროკავშირის საბოლოო კომპოზიცია და ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ თურქეთი ვერ გახდება ევროკავშირის წევრი”, – განაცხადა ვებერმა.

გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის სახალხო პარტია ყველაზე დიდი ოჯახია ევროპაში და უმრავლესობას წარმოადგენს ევროპარლამენტში, ყველაზე დიდი ალბათობით, სწორედ მისი კანდიდატი გახდება ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტი.

ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის 2019 წლის არჩევნების შემდეგ პოსტს დატოვებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი