გვიმრაძემ და გვარამიამ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” წამყვანმა გიორგი გვიმრაძემ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია.  მის წინააღმდეგ ქარტიას “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიმართა. ის სადავოდ ხდიდა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პირველ არხზე გამართული დებატებისას წამყვანის, გიორგი გვიმრაძის იმ ფრაზას, რომელიც მას შეეხებოდა.

საქმის განხილვას ქარტიაში განმცხადებელი და მისი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გიორგი გვიმრაძეს მონაწილეობა არ მიუღია. ქარტიის ცნობით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

საქმე ეხება 24 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ წინასაარჩევნო დებატებს, რომელსაც გიორგი გვიმრაძე უძვღებოდა. ის ამავე დროს არის მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი. კითხვის დასმისას მან ნიკა გვარამია მოიხსენია როგორც საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი. ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში ნიკა გვარამია აღნიშნავდა, რომ არასდროს დაუფიქსირებია ვაშაძის მიმართ მხარდაჭერა. შესაბამისად, მისი მოსაზრებით, გიორგი გვიმრაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.

პირველი პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. რაც შეეხება მეხუთე პრინციპს, მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 7 ნოემბერს ასევე განიხილა “საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლის, დაჩი ცაგურიას განცხადება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “კვირის აქცენტების” წამყვანმა  ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. მის წინააღმდეგ ქარტიას დაჩი ცაგურიამ მიმართა.

სადავო გახდა 4 ნოემბერს, გადაცემის მსვლელობისას, ნიკა გვარამიას მიერ დაჩი ცაგურიას შესახებ საუბრის ეპიზოდი. გვარამიამ თქვა, რომ დაჩი ცაგურიამ მამის საშუალებით  სამტრედიაში ფულის სანაცვლოდ დახმარება სთხოვა ადგილობრივ “ავტორიტეტებს” საპრეზიდენტო არჩევნებისას სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების მიზნით. თუმცა, სამტრედიაში სასურველი შედეგის არქონის გამო, “ავტორიტეტებს” ფული არ გადაუხადეს, რის გამოც, როგორც გვარამია ირწმუნებოდა, ისინი ცაგურიას ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. დაჩი ცაგურია მიიჩნევდა, რომ გვარამიამ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა და დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი. მისი თქმით, ასევე დარღვეული იყო მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, თუმცა საქმის განხილვის შემდეგ საბჭომ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.