ახალი ამბები

ცოლის თქმით, მუხთარლის ოჯახთან სკაიპით საუბრის უფლებას არ აძლევენ

7 ნოემბერი, 2018 • 1000
ცოლის თქმით, მუხთარლის ოჯახთან სკაიპით საუბრის უფლებას არ აძლევენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის, რომელიც 2017 წლის მაისში თბილისიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში ჩასვეს, არ აძლევენ უფლებას, ოჯახის წევრებს სკაიპის საშუალებით ელაპარაკოს, — აცხადებს მუხთარლის ცოლი, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა.

მუსტაფაევას თქმით, ციხეში გრძელდება მუხთარლის უფლებების დარღვევა.

მისივე ცნობით, საპატიმროს ხელმძღვანელობა მუხთარლის არ აძლევს საშუალებას, გაუგზავნოს წერილი იუსტიციის მინისტრ ფიქრეთ მამადოვს.

წერილში მუხთარლი ითხოვს, რომ მისცენ უფლება, საკუთარ ოჯახს სკაიპში მაინც ელაპარაკოს. მუსტაფაევას თქმით, მართალია, კანონმდებლობაში არ წერია, რომ პატიმრებს სკაიპის გამოყენების უფლება აქვთ ოჯახის წევრებთან საკონტაქტოდ, თუმცა არც კრძალავს.

ეს მუსტაფაევამ მუხთარლისთან სატელეფონო საუბრისას შეიტყო.

“აფგანის ქალიშვილებს ენატრებათ თავიანთი მამის ნახვა”,- დაწერა მუსტაფაევამ ფეისბუკზე.


აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს. მეორე დღეს იგი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანისა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. იგი ამ ბრალდებებით გაასამართლეს და ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან დევნილი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ამბობს, რომ გაიტაცეს ქართულმა და აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა.

იმის გამო, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, მუხთარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ, საქართველო შვილთან ერთად დატოვა. ქართველმა ჟურნალისტებმა და უფლებადამცველებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვეს პასუხი კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი აზერბაიჯანის ციხეში. საზოგადოებას ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ლეილა მუსტაფაევა: აფგან მუხთარლი პროტესტის გამო ციხეში დასაჯეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი