ახალი ამბებიეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები რომ დაიწყოს, უარეს დღეში ჩავვარდებით – ჭყონია ლარის კურსზე

8 ნოემბერი, 2018 • 2235
ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები რომ დაიწყოს, უარეს დღეში ჩავვარდებით – ჭყონია ლარის კურსზე

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას თქმით, შესაძლოა ლარის გაუფასურება საარჩევნო კამპანიის პერიოდში ქვეყანაში არსებულ შავ ფულს უკავშირდებოდეს. კოკა-კოლის დამფუძნებელი ამბობს, რომ ქვეყანაში შეიძლება ისეთი ფული იხარჯება, რომელიც დეკლარირებული არ არის.

“საარჩევნო კამპანიის პერიოდში უნდა არსებობდეს გარკვეული ზღვარი დანახარჯებში. თავად პოლიტიკოსებმაც უნდა იცოდნენ, რომ ნამეტანი ფულის ხარჯვა ლარის გაუფასურებას იწვევს. ჩემი აზრით, დღევანდელ დღეს ბაზარზე უფრო მეტი ლარია, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ არის გამოშვებული. ჩვენი ქვეყანა იმდენად ღარიბია, რომ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ყველა ნიუანსი გასათვალისწინებელია. მათ შორის საარჩევნო კამპანიის პერიოდში დახარჯული თანხებიც. ვფიქრობ, ბაზარზე უფრო მეტი ლარია, ვიდრე უნდა იყოს. რისგან არის ეს გამოწვეული, ამის შესაფასებლად მონაცემები არ მაქვს. არადეკლარირებულ ფულთან დაკავშირებით საჭიროა ვიღაცამ აგვიხსნას, თუმცა ამხსნელიც არ გვყავს,”-აცხადებს ჭყონია ნეტგაზეთთან საუბარში.

კითხვაზე, ლარის გაუფასურება გასულ წლებშიც ხომ ხდებოდა, მაშინაც კი, როცა ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდი საერთოდ არ იყო, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი ამბობს, რომ გასულ წლებში ლარის გაუფასურებას, სავარაუდოდ, ბიუჯეტის არასწორი ხარჯვაც იწვევდა. ჭყონია ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მთავრობას კიდევ აქვს დასახარჯი 3 მილიარდი ლარი.

“როცა ამხელა თანხა აუთვისებელია, ვიღაცამ ანალიზი ხომ უნდა გააკეთოს, რატომ დარჩა ეს ფული დასახარჯი… 3 მილიარდის არ ათვისება ამ პატარა ქვეყანაში.. ამ საკითზე მედიით საუბრობენ, თუმცა არ ვიცი, რამდენად სწორია. შეიძლება ვიღაცამ თქვას, თემურ ჭყონია მართალი არ არის და 3 მილიარდი ასათვისებელი არ გვაქვს, გამოვიდნენ, არ მეწყინება”, – ამბობს ბიზნესმენი.

მისი მტკიცებით, მთავრობამ სასწრაფოდ უნდა შეკვეცოს ბიუროკრატიული ხარჯები. “ქვეყანას ამ სიდიდის მმართველი აპარატი არ სჭირდება. სასწრაფოდ უნდა შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები. ასევე სასამართლო სისტემა კატეგორიულად ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს,”-აცხადებს ჭყონია.

ბიზნესმენის თქმით, ლარის დევალვაცია ბიზნესს მოგებას შეუმცირებს. ჭყონია განმარტავს, რომ მოგების შემცირება მხოლოდ კონკრეტულ მეწარმეს არ შეუმცირებს შემოსავალს. ეს აისახება წარმოებასა და დასაქმებაზე. მისი თქმითვე, ყველაზე ცუდი ლართან დაკავშირებით არის ის, რომ პროგნოზირება შეუძლებელია და ბიზნესმა არ იცის, ხვალ რა მოხდება.

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს. სებ-ის ინფორმაციით, მსგავსი რეჟიმის პირობებში გაცვლითი კურსი ხასიათდება მოკლევადიან პერიოდში მერყეობით. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში, გაცვლითი კურსს  სავალუტო ბაზარი განსაზღვრავს, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა შედის.

კურსის დასასტაბილურებლად ეროვნული ბანკს შეუძლია სავალუტო ბაზარზე ინტერვენციები განახორციელოს. ამ დროს ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტაში განთავსებულ რეზერვებს ხარჯავს. სებ-ის პოლიტიკით რეზერვების გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხდება.

“ეროვნულმა ბანკმა ახლა ინტერვენციები რომ დაიწყოს, უარეს დღეში ჩავვარდებით. არ ეყოფა ბანკის რეზერვი ამ ვარდნას და საერთოდ ამ პროცესის შეჩერებას ეს ჩარევა არ უშველის,”-აცხადებს ჭყონია.

მთავრობა 2018 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მტკიცებით, მთავრობის ამ პროგნოზს საერთშორისო სავალუტო ფონდიც ეთანხმება.

ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას ბიზნესმენი ამბობს, რომ საქართველოს მსგავს ქვეყანას უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა სჭირდება. “5%-იანი ეკონომიკური ზრდა არაფერია, ნულის ტოლია. ჩვენ იმდენად ღარიბი ქვეყანა ვართ, რომ თუ 5%-იანი ზრდა მოგვწონს, მაშინ ეს სიღარიბის შეგუების მაჩვენებელია. თუ ეს ზრდა მოგვწონს ე.ი. მოგვწონს, რომ ღარიბები ვართ,”-აცხადებს თემურ ჭყონია.

ოქტომბრიდან ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდება. თუ პირველ ოქტომბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.61 ლარი იყო, ერთი ევრო კი 3.03 ლარი ღირდა. ხვალ, 8 ნოემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.75 ლარი, ევროს ოფიციალური კურსი კი 3.17 ლარი იქნება.

6 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და სავალუტო “რყევები” საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირა. სებ-ში ამტიცებენ, რომ კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო. ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესს ფუნდამეტური ფაქტორები არ განაპირობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი