ახალი ამბები

ფიროსმანის “ბატკანი” მფლობელს დაუბრუნდება – პროკურატურა

7 ნოემბერი, 2018 • 2499
ფიროსმანის “ბატკანი” მფლობელს დაუბრუნდება – პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ნიკო ფიროსმანის “ბატკანი”, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა, კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ფიროსმანის ნამუშევარი სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა 2012 წელს მიმდინარე გამოძიებისა და სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ.

უწყების ცნობით, 2012 წლის 5 ივნისის განაჩენით, მზია შალვაშვილი, რომელიც ანტიკვარული ნივთების სალონის ხელმძღვანელი იყო, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნეს.  განაჩენის თანახმად, მან დამიანე ალანიას, რომელიც ნიკო ფიროსმანის ნამუშევარს „ბატკანი“ ფლობდა,  ყალბი ოფიციალური ქვითარი დაუმზადა, თითქოს ამ უკანასკნელმა ფიროსმანის ნახატი მის სალონში შეიძინა, რითაც დამიანე ალანიას დაეხმარა მოეხდინა უკანონოდ მოპოვებული ქონების მისაკუთრება.

თუმცა, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნობილი მზია შალვაშვილი გაამართლა.

პროკურატურის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენით  მზია შალვაშვილის უდანაშაულობა დადასტურდა და ახალი გარემოებები გამოირკვა, რომლითაც ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის წარმომავლობის კანონიერება დასტურდება.  შესაბამისად, პროკურატურაში აცხადებენ, რომ  კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ, ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ფერწერული ნამუშევარი ,,ბატკანი“ მესაკუთრის ოჯახს დაუბრუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი