“ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ და ზურაბიშვილის მხარდასაჭერად თბილისში ორი აქცია გაიმართა

არ დავუშვათ ბნელი წარსულის დაბრუნება! – ეს სლოგანი აერთიანებს საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველის ტურის შემდეგ გააქტიურდნენ და მეორე ტურში მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ.

მოძრაობის – “მე ვიცავ თავისუფლებას” – ორგანიზებით, საზოგადოებისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები დღეს, 7 ნოემბერს, თავდაპირველად  რუსთაველის თეატრში შეიკრიბნენ. ღონისძიებაზე დამსწრეთა შორის იყვნენ ლევან გაჩეჩილაძე, ტელეკომპანია “იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე, თბილისის ყოფილი მერი და ამჟამად სემეკ-ის წევრი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს დეპუტატები “ქართული ოცნებიდან”- ვატო შაქარაშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი, პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი, “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე, რეჟისორი გოგა ხაინდრავა, ირაკლი ბათიაშვილი, ნიკუშა შენგელაია, დაჩი ცაგურია, კობა დავითაშვილი და სხვა.

დარბაზში საკმარისი ადგილის არქონის მიზეზით შეკრების მონაწილეებმა თეატრის წინ, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენეს და ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნების საფრთხეის შესახებ ისაუბრეს. აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლება მოითხოვეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ბიზნესმენმა გოჩა ძასოხოვმა, რომელმაც საქართველო 2008 წლის აგვისტოში დატოვა. ძასოხოვი, რომელიც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციისა და საზოგადოება “დინამოს” პრეზიდენტი იყო, პეკინის ოლიმპიადიდან საქართველოში აღარ დაბრუნებულა და მას შემდეგ რუსეთში ცხოვრობდა. წინა ხელისუფლების დროს ფულის გათეთრებაში იყო ბრალდებული.

აქციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ლევან გაჩეჩილაძე, კობა დავითაშვილი და გოგა ხაინდრავა, გიორგი ზერეკიძე და მაკა ხარძიანი, რომელთაც წინა ხელისუფლების დროს მათ მიმართ ჩადენილი უსამართლობის შესახებ ისაუბრეს.

მოძრაობამ “მე ვიცავ თავისუფლება” არჩევნების მეორე ტურამდე აქციები დააანონსა საქართველოს რეგიონებში.

“11 ნოემბერს თელავში ჩავატარებთ მრავალრიცხოვან აქციას. იქვე გახსნილია ოფისი და ყველა მსურველს შეეძლება ჩვენთან ერთად წამოვიდეს. 16 ნოემბერს გავემგზავრებით ბათუმში, 17 ნოემბერს – ქუთაისსა და სამტრედიაში, 20 ნოემბერს გორში და შემდგომ- რუსთავში. არჩევნების წინა დღეს, 17:00 საათზე, ყველანი ვიკრიბებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც გრანდიოზული მსვლელობა მოეწყობა”, – განაცხადა კოკა გუნცაძემ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი აქტივობები თვითორგანიზებულია და ხელისუფლების ჩართულობით არ იმართება.

“ქალბატონ სალომეს ვუცხადებთ მხარდაჭერას მეორე ტურში. ძალიან კარგად მოხდა ის, რაც მოხდა. ქალბატონი სალომე არ იქნება მხოლოდ ხელისუფლების მიმართ ვალდებული, ის იქნება, პირველ ყოვლისა, საქართველოს მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებელი. ჩვენ გავამარჯვებინებთ სალომეს. ხელისუფლების ჩართულობა აქ არ არის, ეს არის თვითორგანიზება. ეს არის სახალხო პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდება. ხელისუფლებას მე ვურჩევ, რომ გახდეს მოსახლეობის აზრის გამთვალისწინებელი. თვითონ უნდა გახდეს ხალხის მხარდამჭერი, როგორც ერთ დროს ივანიშვილი გახდა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” პოეტმა დავით მაღრაძემ.

რუსთაველის თეატრთან აქციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ოპერასთან გადაინაცვლეს, სადაც უკვე სახალხო მოძრაობა “არა ნაციზმს” მართავდა  მშვიდობიან მსვლელობას “გვახსოვს 7 ნოემბერი”.

“ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გაიარეს პარლამენტის შენობასთან, სადაც შვილმკვდარ მამებს – ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს სამძიმარი გამოუცხადეს და თქვეს, რომ ეს “სააკაშვილის რეჟიმიდან მომდინარეობს”.

“აქ იმყოფებიან შვილმოკლული მამები და მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მათ. ჩვენ მათ მიმართ სოლიდარულები ვართ. ღმერთმა არ ქნას, რომ ჩვენს ქვეყანაში განმეორდეს ასეთი ფაქტები, როდესაც მოზარდები ერთმანეთს სასტიკად უსწორდებიან. ეს ყველაფერი სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმიდან მომდინარეობს, როდესაც მთელი 9 წელი აგრესიის მეტს არაფერს უსმენდნენ ტელევიზიით და კომპიუტერით”, – განაცხადა ია მეტრეველმა, წლების წინ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ. ამ განცხადების შემდეგ აქციის მონაწილეებმა “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო აქცია გააგრძელეს.

ენმ-ის საწინააღმდეგო აქციაზე ლევან გაჩეჩილაძე სიტყვით გამოვიდა [ვიდეო]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი