ახალი ამბები

მინდა შევხედო “ოცნებას”, როდესაც მე მოვუწოდებ 50-100 ათას მოქალაქეს ქუჩაში გამოსვლისკენ – ვაშაძე

7 ნოემბერი, 2018 • 1800
მინდა შევხედო “ოცნებას”,  როდესაც მე მოვუწოდებ 50-100 ათას მოქალაქეს ქუჩაში გამოსვლისკენ – ვაშაძე

ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ტელეარხ “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში თქვა, რომ პრეზიდენტის პოსტი მისთვის იქნება ერთგვარი პლატფორმა, საიდანაც გაუძღვება ოპოზიციურ საპროტესტო მოძრაობას.

“ვერავინ შემაჩერებს მე, ვუხელმძღვანელო პოლიტიკურ პროცესს. მე შევხედავდი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამხოლოდ “ქართულ ოცნებას”, არამედ ყველას, როდესაც მე მოვუწოდებ 50 ან 100 ათას ჩემს თანამოქალაქეს, გამოვიდნენ ქუჩაში და შემოუერთდნენ ჩემს პროტესტს. ვინ შეძლებს ამის შეჩერებას? უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორი დემონსტრაცია იქნება. ასე რომ, “ქართული ოცნება” ძალიან მართალია, რომ სასიკვდილოდ იბრძვიან ამ პოსტისთვის, მაგრამ  ეს ბრძოლა მათ უკვე წაგებული აქვთ”, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძის აღნიშნული განცხადება მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ როცა ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად იზღუდება.

“ეს არ არის რიგითი საპრეზიდენტო არჩევნები. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი ჩვენი ქვეყნის მომავლის შესახებ და ეს ყველამ იცის. როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ არა მხოლოდ არჩევნებს მოვიგებთ, არამედ მოვიგებთ რეფერენდუმს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. ესეც ყველამ ძალიან კარგად იცის. გარდა ამისა, ტყუილია, თითქოს პრეზიდენტს არა აქვს არანაირი ძალაუფლება. უკაცრავად, მე როგორც ვიცი, პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია და ეს არ მგონია, ცუდი იყოს”, – უთხრა ვაშაძემ “დოიჩე ველეს”.

გერმანული ტელეარხის ჟურნალისტმა ჟანა ნემცოვამ პრეზიდენტობის კანდიდატს შეახსენა, რომ ის მთავარსარდლის ფუნქციას ვერ შეასრულებს პარლამენტის თანხმობის გარეშე, რაზეც ვაშაძემ უთხრა:

“დიახ, კარდინალი რიშელიე სწორედ ასეთ სიტუაციებზე ამბობდა: მოთმინება. უმაღლესი მთავარსარდალი ქვეყნის მთავარი წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში, აქვს ვეტოს, პრემიერის დასახელებისა და შეწყალების უფლებამოსილება”.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 2018 წელს, 2 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს. პრეზიდენტობისთვის “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე იბრძვიან, რომელსაც, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ზურგს “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობა უმაგრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი