ახალი ამბები

ენმ-ის საწინააღმდეგო აქციაზე ლევან გაჩეჩილაძე სიტყვით გამოვიდა [ვიდეო]

7 ნოემბერი, 2018 • 1862
ენმ-ის საწინააღმდეგო აქციაზე ლევან გაჩეჩილაძე სიტყვით გამოვიდა [ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გოგა ხაინდრავასა და კობა დავითაშვილის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ლევან გაჩეჩილაძე.

ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატისა და ოპოზიციონერის, ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, დღეს შეკრებილი მოქალაქეები ერთად იდგნენ წინა ხელისუფლების დროს აქციებზე საქართველოს თავისუფლების დასაცავად და ახლაც იგივეს აპირებენ, თუმცა ამჯერად, მათი “შვილების თაობასთან” ერთად:

“ის წლები ჩვენ ერთად ვიკრიბებოდით. ძალიან ბევრს გცნობთ, მაგრამ ძალიან ბევრი შეიძლება ვერ გიცნოთ და მაპატიეთ. სუყველა წინ აყენებდა ქვეყნაას, თავისი ქვეყნის თავისუფლებას, ვიდრე საკუთარ თავს. პრაქტიკულად ამის გამო დაკარგა ყველაფერი და არც კი უნანია. თავიდან რომ დავიწყოთ ცხოვრება, ჩემი თამადობით, ყველა ისევ იგივეს გაიმეორებს. ამიტომ, სანამ თავიდან მოგვიწია ამ ცხოვრების დაწყება, სულ უნდა ვიდგეთ ჩემი, სხვისი, თქვენი თუ საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე.

ჩვენ ჩვენი გულწრფელი ემოციით, ჩვენი ვაჟკაცობით, ყოველთვის შეგვიძლია ფიზიკურად, გარანტირებულად გეუბნებით… როცა ძალადობა იყო, მაშინ არ გავაჭაჭანეთ ჩვენს გულებში და თავში ძალადობა, ხოლო როცა სიმშვიდე ჩამოყალიბდა, ეს ხომ გამორიცხულია?.. აქედან გამომდიანრე, გადავკოცნოთ ერთმანეთი, გავერთიანდეთ და არ დავუშვათ ჩვენი, სხვისი თუ საქართველოს თავისუფლების დაკარგვა. არაფერი არ ღირს თავისუფლების დაკარგვის ფასად ამ ქვეყანაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ძალიან ბევრი, ჩვენზე მეტი – ჩვენი შვილების და შვილიშვილების თაობა შემოგვიერთდა უკვე. მე რომ არ მეჯერა გუშინ და გუშინწინ, ისეთი რაღაცები ვნახე და დღესაც ისეთს ვხედავ, რომ ახალი თაობა ჩვენზე მეტი, ჩვენზე უფრო შეყვარებულია თავის თავისუფლებაზე, თქვენს თავისუფლებაზე თუ საქართველოს თავისუფლებაზე.”

ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ იმიტომ არ იჭერენ “დამნაშავეებს”, რადგან ენმ-ის მხარდამჭერების თავისუფლებასაც იცავენ.

“გვიყარონ ახლა კენჭი! ძველები ხართ, 10 წელი გავიდა და დაგვიჭირეთ, თუ დამნაშავეები ვართო.  დაგიჭერთ, ბოლოს და ბოლოს, მაგრამ არ გიჭერთ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცავთ იმ 600 ათასი კაცის თავისუფლებასაც, რომელსაც თვალებში ბინდი აქვს და წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს თავისუფლება. თუმცა მე აქ იმიტომ ვდგავარ, თქვენ აქ იმიტომ დგახართ და ჩვენი შვილების თაობა იმიტომ დგას აქ, რომ იმ ადამიანების თავისუფლებაც იყოს დაცული და ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის თავისუფლება იყოს დაცული.

ვერავინ ვერასდროს ვერც ჩვენ და ვერც ჩვენს ქვეყანას წაართმევს თავისუფლებას. 1500%-ით გარანტირებული ვარ, როდესაც თქვენ გხედავთ და როდესაც თქვენთან ერთად ვარ. მაგრად მიყვარხართ და ღმერთმა გაგაძლიეროთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ლევან გაჩეჩილაძემ.

მოკლედ 7 ნოემბრის მოვლენებზე:

სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშების მიხედვით, 2007 წლის 7 ნოემბერს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დარბევისას, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო არაერთმა დემონსტრანტმა. აქციის დასაშლელად პირველად იქნა გამოყენებული სპეციალური საშუალებები, მათ შორის, რეზინის ტყვიები, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით არ იყო ნებადართული. სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მიხედვით, მტკიცებულებებით დასტურდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც. იმავე დღეს მოხდა ტელეკომპანიაში „იმედი“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრა, რასაც შედეგად ტელევიზიის დროებით დახურვა მოჰყვა.

ამავე თემაზე:

7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით – გიგი უგულავას ბოდიში

7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით – გიგი უგულავას ბოდიში

7 ნოემბერი წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომაა – ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი