ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთიდან და ომის ტრავმებიდან “გამოსვლის წიგნი”

7 ნოემბერი, 2018 • 5613
აფხაზეთიდან და ომის ტრავმებიდან “გამოსვლის წიგნი”

აფხაზეთის ომის განსხვავებული, 11 წლის მოზარდის თვალით დანახვის მცდელობა აღწერა მწერალმა ირაკლი კაბაბაძემ თავის ახალ წიგნში, რომელსაც “გამოსვლის წიგნი” დაარქვ.ა

“ნაწილობრივ, ეს წიგნი არის ავტობიოგრაფიული – 11 წლის ბიჭზე, რომელიც მე ვარ და რუსეთ-საქართველოს ომში, აფხაზეთში ბებია-ბაბუასთან ერთად აღმოჩნდა. იმ განცდებზე და ტკივილებზეა, რაც ბავშვმა შეიძლება დაინახოს, აღიქვას ომის ტრაგედია”, – ამბობს მწერალი.

მთავარი გმირი ბებია-ბაბუასთან დაბა განთიადში იზრდება. წიგნში სწორედ ბავშვი გვიყვება იმდროინდელ დრამატულ და ტრაგიკულ ამბებსაც. წიგნში მოთხრობილი ამბავი არ ეხება აფხაზეთის ომის შეფასებას ან გადაფასებას.

“ეს იყო სწორედ ის განცდები, რომელიც მახსოვს, რომელიც დარჩა მეხსიერების ძალიან ღრმა ან ზედაპირულ ფენებში, ზოგი ცხადია, ზოგი სიზმარია, ზოგი- უკვე კარგად დავიწყებულიც კი. ამ ყველაფერს დალაგება, დრო სჭირდებოდა, რომ წიგნის სახე მიეღო. სირიელმა ბავშვებმა, მათმა უდიდესმა ტრაგედიამ მომცეს ინსპირაცია, გამეგრძელებინა და დამესრულებინა ეს წიგნი”, – გვიყვება ავტორი.

აქვე მწერალი საუბრობს ომის ბავშვების დაუსრულებული ტრაგედიის შესახებ.

“ომის ბავშვებისთვის ომი არასდროს მთავრდება, ამიტომაც საკუთარი თავის შველის მცდელობაა, რომ ეს ამბები მოყვე, დაიხარჯო, გამოთქვა. ომის ბავშვები ვერასოდეს გამოდიან ამ ომიდან და მე ამ წიგნით ვეცადე ტრავმებისგან გავთავისუფლებულიყავი. ასე ვთქვათ, რეაბილიტაციის წიგნიცაა. ფსიქოლოგური შველა საკუთარი თავისა. “გამოსვლის წიგნიც” სიმბოლურად ჰქვია, ერთ-ერთი დატვირთვა ამ სათაურისა ისაა, რომ მე თავად ამ ფსიქოტრავმიდან გამოვდივარ”.

ომგამოვლილ ბავშვებს ომის დანახვა შეუძლიათ უფროსების, ოჯახის წევრების, მეზობლების თუ ნათესავების საუბრებისა და ქმედებების საშუალებით. ამბავიც სწორედ 11 წლის დამკვირვებლის მხრიდანაა დანახული.

“ომში ადამიანები ყველაზე მეტად ავლენენ ყველაზე ცუდსაც და ყველაზე კარგსაც. ეს იყო მცდელობა, რომ ორი მხრიდან დანახულიყო ომის სისასტიკე.
ჩვენთან ხომ ბავშვებს არ ეკითხებიან არაფერს, რა სტკივათ, როგორ სტკივათ, საიდან მოდის ეს ტკივილი, არ იციან. თითქოს ვზრდით, ვაჭმევთ, ვასმევთ, საუკეთესო გვინდა მათთვის, მაგრამ ბავშვს არ ვუსმენთ, ბავშვის ხმა არ გვესმის და ჩვენი ბავშვები არ ცხოვრობენ საკუთარი სურვილების სამყაროში.

აქ ბავშვის ხმაა უამრავ პრობლემაზე, მათ შორის ქალების, ოჯახში კონფლიქტებისა და ომის შესახებ. მცდელობაა, ბავშვის თვალით დაენახათ უფროსებს თავიანთი თავიც, რაღაცნაირი სარკეა ეს ბავშვი უფროსების, რომელიც გადმოსცემს უფროსების განცდებს, სახეებს, პატივისცემას ანდა სიქველეს, რომლებმაც იმ კრიტიკულ მომენტებში გამოავლინეს ადამიანის საუკეთესო თვისებები”.

იმის მიუხედავად, რომ წიგნში არცერთგან არ არის ნახსენები სახელები და გვარები, აქ გადმოცემულია ქართული მხარის კრიტიკაც, პოლიტიკური პასაჟებიც, ამიტომაც ავტორი ამბობს, რომ “შეიძლება ვინმე მოგვედავოს კიდეც, თუმცა, რეალურია ის ყველაფერი, რაც აღწერილია”.

“ძალიან მძაფრი ამბავია თავისი თხრობის სტილით, შეგრძნებებით. აქ განთიადსაც თავისი სუნი აქვს, ეს არი სუნებით, გემოებით დანახული ამბავი. ვინც არ ყოფილა მდუმარე ბავშვი, მისთვის რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ატარო ასეთი ამბავი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები ამბებს არა მხოლოდ გონებით, სხეულითაც ინახავენ. მთლიანად სხეულის ენით არის მოყოლილი ეს ამბები. ვიზიარებ იმ ტკივილს, რომელიც ამ წიგნშია. როდესაც ადამიანი იწყებს წერას, ის წერას იწყებს ერთი დიდი სათქმელით, ზოგი ახერხებს ამას ერთი ტექსტით. ძალიან მიხარია, რომ ირაკლიმ შეძლო ამ წიგნის დაწერა და ამ ტკივილისგან გათავისუფლება”, – ამბობს მწერალი რუსუდან რუხაძე.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს წიგნის ავტორი რომანის თარგმნას აფხაზებისთვისაც ხელმისაწვდომ რომელიმე ენაზე, ამბობს, რომ ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა მათთვისაც.

“ბევრი აფხაზი გმირი ჰყავს წიგნს, ბევრი ისტორიაა და საინტერესო იქნება, ჯერ ვნახოთ, ქართველი მკითხველი როგორ მიიღებს და თუ სურვილი იქნება, იქით მხარესაც ნახავს ეს წიგნი გზას”.

“გამოსვლის წიგნი” გამომცემლობა “ინტელექტმა” გამოსცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი