ახალი ამბები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას “დემოკრატები” გააკონტროლებენ, სენატს – “რესპუბლიკელები”

7 ნოემბერი, 2018 • 2453
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას “დემოკრატები” გააკონტროლებენ, სენატს – “რესპუბლიკელები”

აშშ-ის 6 ნოემბრის შუალედურ არჩევნების წინასწარი შედეგებით, “რესპუბლიკური პარტია” სენატზე კონტროლს ინარჩუნებს, წარმომადგენლობით პალატაში კი, პირველად ბოლო 8 წლის განმავლობაში, უმრავლესობაში “დემოკრატები” იქნებიან.

ამ დროის მონაცემებით,  წარმომადგენლობით პალატაში დემოკრატებს 215 მანდატი აქვთ,  რეპუბლიკელებს – 193. უმრავლესობის მოსაპოვებლად 218 ადგილია საჭირო და ამ უმრავლესობას, სავარაუდოდ, დემოკრატები მიიღებენ. რაც შეეხება სენატს, 100-დან 51 დეპუტატი “რეპუბლიკური პარტიის” იქნება.

ამერიკის კონგრესში სულ 535 ადგილია. აქედან 100 ადგილს სენატორები იკავებენ (თითოეულ შტატს სენატში 2 სენატორი წარმოადგენს), 435 ადგილი კი ნაწილდება ქვედა პალატის 435 კანონმდებელზე. სენატორებისგან განსხვავებით, წარმომადგენელთა პალატის წევრები შტატებს წარმოადგენენ მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. მაგალითად, ყველაზე მრავალრიცხოვან შტატს წარმომადგენელთა პალატაში 51 წარმომადგენელი ჰყავს, ხოლო მცირე ზომის შტატებს, ისეთებს, როგორიცაა დელავერი – 3.

2018 წლის 6 ნოემბრის არჩევნებზე ამერიკის მოქალაქეებმა წარმომადგენელთა პალატის ყველა – 435 წევრი და 35 სენატორი აირჩიეს.

წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების მიერ უმრავლესობის მოპოვება არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს შეასუსტებს ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში რესპუბლიკელთა სრულ ძალაუფლებას, რომელსაც კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობით ამყარებდნენ. აქამდე პრეზიდენტ ტრამპისთვის, რესპუბლიკელთა სრული უმრავლესობის პირობებში, გაცილებით ადვილი იყო თავის საკონონმდებლო ინიციატივებზე კონგრესის ორივე პალატის თანხმობის მოპოვება. ამიერიდან კი ეს უფრო გართულდება და დემოკრატებს გაუჩნდებათ ბერკეტი, რითაც შეძლებენ პრეზიდენტის ინიციატივების შეზღუდვას. გარდა ამისა, წარმომადგენელთა პალატას შეუძლია წამოიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დემოკრატებმა ტრამპის იმპიჩმენტი შეძლონ. პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საბოლოო გადაწყვეტილებას სენატი იღებს საერთო შემადგენლობის ორი მესამედით (67 სენატორი). რადგან სენატში დემოკრატები უმცირესობაში იქნებიან, ეს მისია, ფაქტობრივად, მათთვის შეუსრულებელია.

უფრო ვრცლად ამ არჩევნებისა და მისი პოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ წაიკთხეთ ნეტგაზეთის სტატია:

შუალედური არჩევნები ამერიკაში – “რეფერენდუმი ტრამპის წინააღმდეგ”

მასალების გადაბეჭდვის წესი