ახალი ამბები

მოსკოვზე მიბმული ცხინვალი და აშშ-ის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში

8 ნოემბერი, 2018 • 2361
მოსკოვზე მიბმული ცხინვალი და აშშ-ის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში

მაღალი დონის ვიზიტები სამხრეთ კავკასიის რეგიონში და წინასაარჩევნო დაძაბულობა სომხეთში – ესაა ძირითადი საკითხები, რომელთაც ოქტომბერში საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრეს რეგიონის კონტექსტში. ერთ–ერთმა დამოუკიდებელმა რუსულენოვანმა გამოცემამ კი ვრცელი სტატია მოამზადა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთზე, რომლის ეკონომიკასაც, სხვა სფეროებთან ერთად, კრემლი აკონტროლებს.

[red_box]”დამოუკიდებელი რესპუბლიკა” მოსკოვის გავლენის ქვეშ[/red_box]

“დამოუკიდებელი რესპუბლიკა, სადაც ყველაფერი მოსკოვზეა დამოკიდებული” – ასე ასათაურებს სტატიას დამოუკიდებელი რუსულენოვანი გამოცემა “მედუზა”, რომელსაც ის დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ბიზნესგარემოს უძღვნის. მასალაში საუბარია ადგილობრივი ბიზნესმენების გამოცდილებასა და მათ ურთიერთობაზე ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიმართ, რომელიც მოსკოვის დიდი გავლენის გამო ხშირად მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა.

“მედუზას” ერთ–ერთი რესპონდენტი ვლადიმირ ბოსიკოვი ცხივნალში მინერალური წყლის ბიზნესითაა დაკავებული. უწინდელი საქმიანობა, ავტომობილების შემკეთებელი ობიექტი, წყლის ინდუსტრიაში ინვესტირების სურვილით მიატოვა. თუმცა, როგორც ამბობს, გასავალი შემოსავალს ჭარბობდა, ბიუჯეტი კი მცირე იყო.

როცა საქმიანობის შეწყვეტას აპირებდა, შუამავლის მეშვეობით რუს ინვესტორს დაუკავშირდა, რომლის მფლობელობაში არსებული კომპანიაც მას წყლის ადგილობრივ ბაზარზე გატანაში დაეხმარა. ახლა  ბოსიკოვი ცხინვალში საწარმოს ფლობს და წაგებაშიც აღარ არის, თუმცა, როგორც “მედუზას” უთხრა, რუსებთან პარტნიორობამ დიდად ვერ გაამდიდრა: წარმოებული ბოთლების რაოდენობა არ გაზრდილა, სხვა, უფრო ცნობილ ბრენდებს კი მისი წყალი კონკურენციას ნაკლებად უწევს.

პარტნიორებისათვის ადგილობრივი ადმინისტრაციისგან რაიმე სახის დახმარების მიღების პერსპექტივაც დაგვიანებულია: როცა მისთვის მიმართვაზე დაფიქრდნენ, ადგილობრივ საინვესტიციო სააგენტოს თანხების გაცემა უკვე შეწყვეტილი ჰქონდა.

საინვესტიციო სააგენტოს დაფუძნება რუსი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, ვლადისლავ სურკოვის იდეა იყო. სურკოვი, რომელიც მანამდე კრემლის შიდა პოლიტიკას განაგებდა, 2013 წელს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებში მრჩევლად დანიშნეს.

გამოიყო თანხები და შემუშავდა გეგმაც, როგორ უნდა დახმარებოდა ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ადგილობრივ ბიზნესსა და ფერმერებს რუსეთის ფულით. აღნიშნული ე.წ. სასაქონლო სესხების გამოყოფას გულისხმობდა, როცა სახელმწიფო მოქალაქეს გარკვეული სახის საქონელს გადასცემს საწარმოებლად და შემდგომ ის, რაიმე განსაზღვრული სახით, უკან უბრუნებს მას.

საბოლოოდ, პროექტი ჩავარდა. მიზეზებზე მხარეებს განსხვავებული ვერსიები აქვთ: კრემლის წყარო “მედუზასთან” საუბრისას ცხინვალს აკრიტიკებს და ამბობს, რომ “დახმარება კორუმპირებული ადამიანების ხელთ აღმოჩნდა, შემდგომ კი გაუჩინარდა”.

“მათ გადასცეს ხალხს ძროხები, მაგრამ არ მიუციათ ფინანსები იმისთვის, რომ ძროხა გამოეკვებათ”, – უთხრეს გამოცემას კრემლში.

თავის მხრივ, დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი პროექტის ჩავარდნაში ფერმერების წვლილსა და მათ არაკეთილსინდისიერებაზე საუბრობს; ამბობს, რომ სამეურნეო ინდუსტრიის განვითარებისათვის გადაცემული საქონელი, რომელიც 5 წელიწადში სახელმწიფოსთვის ფულის ან თუნდაც ხორცის სახით უნდა დაებრუნებინათ, მეზობელ ჩრდილოეთ ოსეთში გაყიდეს.

ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისაგან განსხვავებით, მეტად გაუმართლა ალბერტ ვალიევს, რომლის სამსართულიანი იტალიური რესტორანი “ვინჩენცო” ცხინვალის ამჟამინდელი ცხოვრების ერთ–ერთი სიმბოლოა. როგორც თვითონ ყვება, 2008 წელს, ცხინვალში ქართული შენაერთების შესვლის შემდეგ, თავისი მაშინდელი ბიზნესი – კაფე გადაწვა.

როცა დასახმარებლად კოკოითის ადმინისტრაციაში მივიდა, ვალიევი თვითგამოცხადებული მთავრობის ინდუსტრიის მინისტრის აპარატშიც დაასაქმეს, თუმცა იქ დიდხანს არ უმუშავია და წამოსვლისას, რესტორნის გახსნაზე უკვე ფიქრობდა. მისი შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, როგორ ხშირად გადის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საქმიანობის წამოწყების გზა მოსკოვზე:

მას შემდეგ, რაც ადგილობრივ ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ვერ შედგა, ვალიევმა პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, ვლადიმერ ავდეენკოს მიმართა.

“მოსკოვში არ სურთ, [სამხრეთ ოსეთის] მთავრობა ჩართული იყოს პროცესებში, გარდა ნომინალური მონაწილეობისა. მათ გააცნობიერეს, რომ ადგილობრივი ხელმძღვანელობა არაკომპეტენტურია”, – უთხრა ბიზნესმენმა “მედუზას”.

ვალიევიც და ზემოთხსენებული წყლის საწარმოს მფლობელი ბოსიკოვიც რუსეთში მიიპატიჟეს ოსეთთან, აფხაზეთთან და დსთ–ის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობების საკითხებში მრჩეველთან, ოლეგ გოვორუნთან შესახვედრად.

“სამხრეთ ოსეთის ოფიციალური პირები კითხულობდნენ, როგორ მიდიოდნენ ადგილობრივი ბიზნესმენები მოსკოვში, როცა [ადგილობრივი] მთავრობიდან იქ არავინ დაუპატიჟებიათ. რა უნდა მეთქვა? ვთქვი, რომ ავდეენკომ უშუალოდ ჩვენ მიგვიპატიჟა”, – იხსენებს ვალიევი.

დე ფაქტო რესპუბლიკის ბიზნესგარემო მოსწონს რუსეთიდან ჩამოსულ ბიზნესმენს, კონსტანტინ ლასტოვიჩს, რომელმაც ცხინვალში ჩასვლის შეთავაზება ე.წ. სამხრეთ ოსეთის საინვესტიციო სააგენტოსგან მიიღო.

“მედუზასთან” საუბრისას ამბობს, რომ რუსეთისგან განსხვავებით, აქ არ არის აუცილებელი, იყო პარლამენტის წევრი ან სხვა მაღალჩინოსანი, რომ  ბიზნესი აკეთო. თუმცა, მისივე თქმით, აქაურობას ყოველთვის ვერ ენდობი: მაგალითად, დღემდე არ მიუღია ბიზნესსესხის მესამე ნაწილი, საინვესტიციო სააგენტოს უფროსი კი გაუჩინარდა.  კრემლში წყარომ “მედუზას” დაუდასტურა, რომ ის მართლაც ძებნაშია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკა სულ უფრო ესისხლხორცება მოსკოვს, რაც ადგილობრივი პროფკავშირების ხელმძღვანელის, ბესარიონ დოგუზოვის თქმით, ადგილობრივ ბიზნესს კლავს. მისი განცხადებით, ყველაფერი სხვანაირად იყო 2008 წლის აგვისტომდე, როცა რეგიონში ევროპული კომპანიები და ორგანიზაციები ოპერირებდნენ. ახლა კი კლიენტების უკმარისობის გამო იძულებულია, საკუთარი ბიზნესი დახუროს.

ამგვარ გარემოში დე ფაქტო რესპუბლიკა სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსულ ბიზნესებზე, რასაც არც დე ფაქტო მთავრობის ეკონომიკური განვითარების მინისტრი, გენადი კოკოიევი უარყოფს, ვითარებას კი ასე ხსნის:

“რატომ უნდა ვიმარჩიელო, რომელი ადგილობრივი ბიზნესი გაამართლებს, როცა უკვე არსებობს სრულად აღჭურვილი რუსული კომპანიები?”

მისი თქმით, სახელმწიფო სფერო დაცული უნდა იყოს რისკებისგან, რასაც “კერძო ბიზნესის უკონტროლო მხარდაჭერა” იწვევს.

ბიზნესები ერთია და პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება- მეორე. მოსკოვი ცხინვალის ინფრასტრუქტურული თუ სხვა საჭიროებებისათვის ყოველწლიურად მილიარდობით რუბლს ხარჯავს: “მედუზას” მიხედვით, ორჯერ მეტს, ვიდრე ანექსირებულ ყირიმში და ათჯერ მეტს, ვიდრე მეზობელ ჩრდილოეთ ოსეთში.

თუმცა რუსეთის ხელგაშლილობაში საქველმოქმედო მოტივები ნაკლებად იკვეთება: როგორც მასალიდან ჩანს, მოსკოვი კარგად იყენებს ცხინვალის რეგიონს აღმოსავლეთ უკრაინის არაღიარებული რესპუბლიკების ეკონომიკური ბლოკადის გასანეიტრალებლად.

“ბოლო 2 წლის მანძილზე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან სამხრეთ ოსეთში 200–ზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა. ახსნა მარტივია: უკრაინამ საბანკო ბლოკადა დააწესა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებზე, რამაც რუსეთთან მათი პირდაპირი ფინანსური კავშირი შეუძლებელი გახადა.

რამდენიმე წყარომ “მედუზას” უთხრა, რომ სამხრეთ ოსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება მოსკოვის მიერ იყო ორკესტრირებული, რათა რუსეთის მიერ აღიარებული გამოყოფილი რესპუბლიკა გამხდარიყო ზურგსუკან მდებარე არხი უკრაინის აღმოსავლეთის ნაწილისთვის ისე, რომ ტექნიკურად არ დარღვეულიყო მისნკის შეთანხმება”, – წერს გამოცემა.

[red_box]სამხრეთ კავკასია აშშ–ის ინტერესთა სფეროს უბრუნდება – ბოლტონის ვიზიტის მიმოხილვა[/red_box]

სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბლოტონი, კავკასიის სამივე ქვეყანას ეწვია და საგულისხმო გზავნილებიც გაახმიანა. “ჯეიმსთაუნის ინსტიტუტის” მიმომხილველი ფუად შაჰბაზოვი პუბლიკაციაში მიმოიხილავს აღნიშნულ მესიჯებსა და სამხრეთ კავკასიის მიმართ აშშ–ის მზარდ ინტერესს.

“როცა ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლესი ოფიციალური პირი შემოდის რეგიონში, ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის თბილისში ვიზიტის შემდეგ, უფრო მეტად აქტუალური ხდება შეკითხვა, რაში ჩართვა სურს თეთრ სახლს რეგიონში ხელახლა, რაც აშშ–ის წინა ადმინისტრაციის დროს ყურადღების მიღმა იყო – წერს ის.

მიმომხილველის აზრით, ძირითადი მიზეზი, რის გამოც სამხრეთ კავკასიამ ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღება დაიმსახურა, ირანს უკავშირდება. მედიაში მანამდეც ხმიანდებოდა და უშუალოდ ვიზიტის დროსაც გაცხადდა, რომ ბოლტონის ტურნე ძირითადად ანტიირანული ნარატივით იყო ინსპირირებული სანქციების წინა პერიოდში. ეს კარგად გამოჩნდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის დროსაც, რომლის მთავარი განსახილველი თემა სწორედ ირანის სანქციები და ამ კუთხით რეგიონის ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობა იყო.

მასალის ავტორს ამ კუთხით აზერბაიჯანის აქტივობები რთულად წარმოუდგენია, ბაქოსა და თეირანის მჭიდრო ურთიერთობებიდან გამომდინარე; მით უმეტეს, მაშინ, როცა მხარეები არაერთ ერთობლივ რეგიონულ პროექტს ახორციელებენ – “მათ შორისაა ჩრდულოეთ–სამხრეთისა და სამხრეთ–დასავლეთის სატრანსპორტო კორიდორები, ისევე როგორც შეთანხმება კასპიის ზღვაში გაზის საბადოების ერთობლივად განვითარებასთან დაკავშირებით”.

“აზერბაიჯანული მედია დუმს, არც პრეზიდენტ ალიევს გაუკეთებია რაიმე ოფიციალური განცხადება[ირანის საკითხზე]. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, როცა ბაქო ნათლად მიანიშნებს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ვერ გახდება რომელიმე ქვეყნის საყრდენი თავისი მეზობლების წინააღმდეგ”, – წერს მიმომხილველი.

თუმცა ფუად შაჰბაზოვი აქვე დასძენს, რომ მეორე მხრივ, აზერბაიჯანი აცნობიერებს აშშ–თან ახლო ურთიერთობის მნიშვნელობას და მზადაა, შესთავაზოს ურთიერთთანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ენერგეტიკული უსაფრთხოება და ტერორიზმთან ბრძოლა. ეს საკითხები ბოლტონმაც მოიხსენია, როგორც ალიევთან საუბრის თემა.

ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების კონტექსტში ხაზგასასმელია სამხრეთის კორიდორის პროექტი, რაც რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულებას შეამცირებს. კონტრტერორიზმის მიმართულებით კი ბაქოსა და ვაშინგტონს ავღანეთის მისია აკავშირებს, სადაც აზერბაიჯანელი სამხედროები სხვა ქვეყნებთან ერთად იბრძვიან “თალიბანის” წინააღმდეგ.

“ამერიკული იარაღი რუსეთისაზე უკეთესია” – ბოლტონის ეს ფრაზა, რომელიც ალიევთან შეხვედრისას გახმიანდა, მიმომხილველს აფიქრებინებს სამომავლოდ იარაღით ვაჭრობის შესაძლებლობაზე აშშ–სა და აზერბაიჯანს შორის. აშშ–ის კონგრესის 1992 წლის თავისუფლების აქტი ქვეყანას აზერბაიჯანთან იარაღით პირდაპირ ვაჭრობას უკრძალავს. თუმცა ვიზიტისას ბოლტონმა პირდაპირ მიანიშნა, რომ ტრამპს ამ რეგულაციის გაუქმება შეუძლია.

“ამ კანონის საბოლოოდ აღმოფხვრა აშშ–ს შესაძლებლობას მისცემს, მნიშვნელოვნად გააფართოოს სამხედრო პარტნიორობა ამ ქვეყანასთან[აზერბაიჯანთან]. თუმცა იარაღთან დაკავშირებული ახალი შეთანხმებები ვაშინგტონთან რეგიონის მილიტარიზაციის დონეს გაზრდის”, – აღნიშნულია სტატიაში.

დასკვნის სახით, მიმომხილველი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი მოერიდება, სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის ციხესიმაგრედ იქცეს, ვინაიდან აშშ–თან ურთიერთობის გარდა, მისი ბალანსის მნიშვნელობასაც აცნობიერებს რუსეთის გავლენასთან დაკავშირებით. თუმცა ორ ქვეყანას შორის სამხედრო ურთიერთობის გაღრმავება მკაფიო ნიშანი იქნება, რომ ვაშინგტონი რეგიონში მზარდი ჩართულობით ბრუნდება.

[red_box]ლგბტ თემატიკა – სომხეთის ოპოზიციის იარაღი ანტისამთავრობო სპეკულაციისათვის[/red_box]

ოქტომბერი სომხეთის პოლიტიკურ სივრცეში დაძაბულობითა და პროტესტის ახალი ტალღით აღინიშნა. პრემიერ–მინისტრი ფაშინიანი და სარგსიანის პარტიის ჯერ კიდევ უმრავლესობით დაკომპლექტებული პარლამენტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ვერ თანხმდებოდნენ. დაპირისპირებისა და ფაშინიანის მხარდამჭერების საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, შეთანხმება შედგა და არჩევნებიც 9 დეკემბერს გაიმართება.

ახლა, როცა ზემოაღნიშნული საკითხი მოგვარდა, ოპოზიციის ნაწილი საკუთარ კამპანიას სომხეთის მოსახლეობისათვის მგრძნობიარე საკითხებზე სპეკულირებასა და კონსპირაციაზე აგებს. ერთ–ერთი ასეთი საკითხი კი ლგბტ ადამიანების უფლებებია, რომელსაც “ევრაზიანეტი “სტატიას უძღვნის.

გასულ თვეში სომხეთის პარლამენტში ორი კანონპროექტი დარეგისტრირდა. პირველი მათგანით, პარტია “კეთილშობილი სომხეთი” სომხეთში ისედაც არარსებული ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას ითხოვს, მეორე საკანონმდებლო ინიციატივით კი, “რესპუბლიკური პარტია” –  “გეი პროპაგანდის” აკრძალვას.

პარალელურად ისმის მოწოდებები, რომლითაც პოლიტიკოსები ლგბტ ადამიანებს “ფარულ მტრებად” მოიხსენიებენ და აცხადებემ, რომ ქვეყანა “წმინდა მიწაზე ჰომოსექსუალების წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს.

ლგბტ აქტივისტები ფაშინიანის მიმართ წყენას არ მალავენ და აცხადებენ, რომ მისი “დუმილი თანხმობის ნიშანია”. მათ ასევე არ მოსწონთ პრემიერ–მინისტრის განცხადება, რომ “ლგბტ თემატიკა ყოველთვის მთავრობის თავის ტკივილია”.

თუმცა აქტივისტები აქვე დასძენენ, რომ ოპოზიცია ცდილობს, ლგბტ თემატიკა ფაშინიანის მთავრობის დისკრედიტაციისათვის გამოიყენოს, მით უმეტეს, რომ ლგბტ თემი სხვებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული აპრილის რევოლუციაში.

“მათ წლები ჰქონდათ ამისათვის[კანონების მისაღებად ლგბტ ადამიანთა წინააღმდეგ]. რატომ დაიწყეს ამაზე ზრუნვა მაინცდამაინც ახლა?”, – აცხადებს ლგბტ აქტივისტი მამიკონ ჰოვსეპიანი “ევრაზიანეტთან” სომხეთის ოპოზიციაზე საუბრისას.

ჯერჯერობით ოპოზიციის არცერთი ზემოაღნიშნული ინიციატივა გასულა ფონს. მთავრობა დაეთანხმა ქორწინების აკრძალვის შესახებ წინადადების პარლამენტისათვის გადაცემას, თუმცა “გეი პროპაგანდის” შესახებ კანონპროექტი შეაჩერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი