ახალი ამბები

კითხვის ნიშნები ფარცხალაძის ბრალის საქმეში

6 ნოემბერი, 2018 • 1939
კითხვის ნიშნები ფარცხალაძის ბრალის საქმეში

ლაშა თორდიასთან ინციდენტის საქმეზე ოთარ ფარცხალაძის მიმართ წაყენებულმა ბრალმა რამდენიმე კითხვა გააჩინა. როგორ მოხდა, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს რამდენიმესაათიან ინტერვალში ჯერ ბრალი წარუდგინეს, შემდეგ კი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა, საზოგადოებას კი ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია საქმეზე, რომელიც პროკურატურის განმარტებითვე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს?

სასამართლო პროცესი 20:00 საათზე

ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და მის თანმხლებ პირს, მიხეილ ჩოხელს 2017 წელს მაშინდელი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ბრალდებით ბრალი გუშინ, 5 ნოემბერს წარუდგინეს, თუმცა პროკურატურამ ეს ინფორმაცია მხოლოდ დღეს დაადასტურა. მეტიც, ჟურნალისტებმა დღეს ფარცხალაძის ადვოკატისაგან შეიტყვეს, რომ ყოფილ პროკურორს გუშინ არამხოლოდ ბრალი წარუდგინეს, არამედ უკვე აღკვეთის ღონისძიებაც შეეფარდა: 5000-ლარიანი გირაო. ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი რ2-თან იხსენებს, რომ ბრალი მისი დაცვის ქვეშ მყოფს 5 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე წარუდგინეს. დღეს. 6 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბარში პროკურორმა ემზარ გაგნიძემ  ვერ დააკონკრეტა, რომელ საათზე გაიმართა გუშინ აღკვეთის ღონისძიების სასამართლო პროცესი. სასამართლოს პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ეს პროცესი გუშინ, 20:00 საათზე ჩატარდა.

თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი ფიქრობს, რომ პროცესის ასე გაუმჭვირვალედ წარმართვა ეჭვებს იწვევს.

“20:00 საათზე რომ დაინიშნა პროცესი, ეს არ არის საინტერესო. სასამართლოში საქმე 18:00 საათამდე უნდა შევიდეს. აქ მნიშნელოვანია, რომელ საათამდე შევიდა სასამართლოში საქმე და მოსამართლე რატომ ელოდებოდა? ეს კითხვები მიჩნდება, თორემ გარედან რაიმეს გადაჭრით მტკიცება, ცხადია, სისულელეა”, – ამბობს მაია მწარიაშვილი ნეტგაზეთთან.

მისი თქმით, უცნაურია, რატომ ჩქარობდა ასე პროკურატურა, რადგან ფარცხალაძე დაკავებული არ იყო, აღკვეთის სახით მისთვის პატიმრობის შეფარდებას არ ითხოვდნენ. შესაბამისად, გამოძიება დროში შეზღუდული საერთოდ არ იყო და შეეძლო სასამართლოში შუამდგომლობა არა ერთ საათში, არამედ საერთოდ ერთ კვირაში ან ერთ თვეში შეეტანა. ის ფიქრობს, რომ სიჩქარის მიზეზი ფარცხალაძისთვის კომფორტის შექმნა იყო, რადგან ამ ამბის გახმაურების შემთხვევაში სასამართლოში პროცესზე დასასწრებად აუცილებლად მივიდოდა მედია, ატყდებოდა ხმაური და ა.შ.

პროკურორმა ემზარ გაგნიძემ დღეს განაცხადა, რომ სასამართლოს გუშინ კანონით გათვალისწინებულ დროში (18:00 საათამდე) მიმართეს, ხოლო სხდომის გამართვის დრო უშუალოდ სასამართლომ განსაზღვრა და არა პროკურატურამ.

მაია მწარიაშვილი ხაზს უსვამს პროკურორ ემზარ გაგნიძის დღევანდელ განმარტებას, რომლის მიხედვითაც, რადგან ამ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა, სწორედ ამიტომ მოიწვია პროკურატურამ საერთაშორისო ექსპერტები.

“გუშინ არ იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი? გუშინ რატომ არ თქვეს? ასეთ დროს კითხვები ჩნდება. ვიღაცამ იზრუნა იმაზე, რომ მას დისკომფორტი არ ჰქონოდა. რახან არსებობენ ამაზე მზრუნველები, სრულიად ლეგიტიმურია, რომ ჩვენ ამ პროცესის სამართლიანობის მიმართ კითხვები გვქონდეს”, – ამბობს მწარიაშვილი.

მისთვის ასევე გაუგებარია, თუ ის კვალიფიკაცია, რომლის მიხედვითაც ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინეს (ცემა) სწორია და სავარაუდო დანაშაულის უკან არანაირი მოტივაცია არ იკვეთება გარდა “ყოფითი ნიადაგისა”, საერთოდ რატომ მოითხოვა პროკურორმა აღკვეთის ღონისძიება, ამ შემთხვევაში 5000-ლარიანი გირაო. მწარიაშვილის თქმით, ასეთი კატეგორიის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაც უცნაურია და პროცესს რომ მედია და დაინტერესებული პირები დასწრებოდნენ, პროკურატურის არგუმენტაციის მოსმენაც საინტერესო იქნებოდა.

ბრალი სავარაუდო დანაშაულიდან 1 წლისა და 6 თვისთავზე

ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის “ელცენტროში” ინციდენტი 2017 წლის 13 მაისს მოხდა. ამ პერიოდიდან დღემდე თითქმის 1 წელი და 6 თვე გავიდა. ლაშა თორდიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც ის ინციდენტის შემდეგ დაკითხეს, ამ ხნის განმავლობაში პროკურატურიდან არავინ შეხმიანებია.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ მოხდა ბრალის წარდგენა ახლა და არა მანამდე, პროკურორი ემზარ გაგნიძე ამბობს, რომ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე  საერთაშორისო გამომძიებლების ჯგუფი მოიწვიეს, რომელიც ცალკე გამოყოფილი გამოძიების პროცესში ასევე სწავლობს ლაშა თორდიას მიერ დასახელებულ მოტივსაც. პროკურორის თქმით, ისინი ელოდებოდნენ ექსპერტიზასაც.

პროკურორის ცნობით, ამჟამად მათ ხელთ არსებული მონაცემებით, ინციდენტი “ყოფით ნიადგაზე მოხდა”. ლაშა თორდია და მისი ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ ამ უკანასკნელს ფარცხალაძემ სამსახურეობრივი საქმიანობის გამო სცემა. თორდიას განმარტებით, იმ პერიოდში აუდიტში მერიისა და ფარცხალაძესთან დაკავშირებული კომპანიის საეჭვო გარიგებას სწავლობდნენ, რასაც ფარცხალაძის გაღიზიანება მოჰყვა.

ამ საქმეზე პროკურატურის განმარტებები გაუგებარია მაია მწარიაშვილისთვის. მისი თქმით, თუ პროკურატურა, ერთი მხრივ, ამბობს, რომ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა, რა აზრი აქვს მეორე გამოძიებას, რომელიც მოტივს შეამოწმებს? მისი თქმით, თუ დაადგენ, რომ ორმა ადამიანმა ყოფით ნიადაგზე იჩხუბა, პარალელური გამოძიება მოტივის დასადგენად უბრალოდ აღარ არსებობს. ამასთან, მწარიაშვილის თქმით, მეორე მხრივ, ასევე გაუგებარია, თუ მოტივის შემსწავლელი გამოძიება არ დასრულებულა, რანაირად დაადგინა პროკურატურამ, რომ დაპირისპირება მხოლოდ ყოფით ნიადაგს ეხებოდა.

ამასთან, მწარიაშვილის თქმით, პროკურტაურამ უნდა განმარტოს, რა იგულისხმება “ყოფით ნიადაგში”.

“პროკურატურამ უნდა მოყვეს, რა დაადგინა: პირადი მოტივი შეიძლება ბევრი რამ იყოს: მხარის გაკვრა, ცუდად შეხედვა… ამ დონის ბანალური მიზეზები. რა მოხდა? მუხლის კვალიფიკაცია კი არ უნდა მოყვეს, არამედ ის, თუ რა დაადგინა. რამხელა უხერხულობა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, ხომ წარმოგიდგენიათ?”, – ამბობს მაია მწარიაშვილი.

რას ამბობენ მხარეები?

ოთარ ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს. მეტიც, მისი ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი საპროცესო კანონმდბლობის გვერდის ავლით წარუდგინეს. ის ფიქრობს, რომ ბრალის წარდგენის საფუძველი ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების განწყობები გახდა.

ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ”, – ამბობს გაგი მოსიაშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც ლაშა თორდიას ინტერესებს იცავს, მიესალმება მთავარი პროკურატურის გააქტიურებას, ოთარ ფარცხალაძის დაკითხვას და მისთვის ბრალის წაყენებას.

“ჩვენთვის მოულოდნელია ასეთი გააქტიურება. შეიძლება, ეს უკავშირდებოდეს საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლის პერიოდში ხელისუფლებამ გადაწყვიტა საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნებზე პასუხის გაცემა. გარდა ამისა, ლაშა თორდია რამდენიმე თვეა საქართველოში არ იმყოფება. ის პრაქტიკულად არის დევნილი და შესაძლოა გარე ზეწოლაც იყოს მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან”, – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

ამავდროულად, ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, რადგან აღნიშნული არ ითვალისწინებს სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ჩადენილ დანაშაულს. ცენტრი მიიჩნევს, რომ საქმის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობის გათვალისწინებით.

პროკურატურის პოზიცია

“ყოფით ნიადაგზე” – რა მოტივით სცემეს ლაშა თორდიას პროკურატურის ვერსიით

 

მასალების გადაბეჭდვის წესი