ახალი ამბები

ეროვნული ბანკი ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას არჩევნებს უკავშირებს

6 ნოემბერი, 2018 • 1543
ეროვნული ბანკი ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას არჩევნებს უკავშირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზები არ უკავშირდება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს.

ეროვნული ბანკის განცხადებით, კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება

“ეროვნული ბანკი დაბეჯითებით მოუწოდებს საჯარო პირებსა და ექსპერტებს, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისაგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები. ამდენად, დღეს ბაზარზე არსებული აშშ დოლარის ფასი გადაჭარბებულია და ეროვნული ბანკი მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ურჩევს, ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც, დიდი ალბათობით მათვე დააზარალებს. ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სესხის და შემოსავლის ვალუტა უმჯობესია ერთი და იგივე იყოს, როგორც ეს ეროვნულ ბანკს არაერთხელ განუცხადებია. ასეთ შემთხვევაში მსესხებლები მოწყვლადები არ იქნებიან კურსის მოკლევადიანი მერყეობის მიმართ. ასევე შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიზანია საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და, შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა არ დაუშვას მაღალი ინფლაცია”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ოქტომბრიდან ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდება. 1 ოქტომბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.61 ლარი იყო, ერთი ევრო კი 3.03 ლარი ღირდა.  დღეს, 6 ნოემბერს, ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2.73 ლარია, ერთი ევრო კი 3.11 ლარი ღირს. დღევანდელი სავალუტი ვაჭრობის შედეგებს, ანუ 7 ნოემბრის ოფიციალურ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი