ახალი ამბები

მეორე ტურმა რა ჰქმნა?

6 ნოემბერი, 2018 • 3116
მეორე ტურმა რა ჰქმნა?

28 ოქტომბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგმა ხელისუფლებას უბიძგა, სასწრაფოდ მიეღო ზომები განაწყენებული ამომრჩევლის ხელახლა მისაზიდად.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც კამპანიისას ყველა სხვა კანდიდატზე რამდენიმე მილიონი ლარით მეტი დახარჯა, არათუ პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა, არამედ, ოფიციალური წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ 0.9%-ით უსწრებს გრიგოლ ვაშაძეს “ნაციონალური მოძრაობიდან”. ეს მაშინ, როცა ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მიუთითებენ. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საზოგადოების გზავნილი “მიღებული და გაგებულია”.

მას შემდეგ, რაც მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო, “ქართულმა ოცნებამ” რეაგირება მოახდინა რამდენიმე ისეთ საკითხზე, რაც საზოგადოების კრიტიკის საფუძველი გახდა, ასევე, ახალი სოციალური პროექტები დააანონსა. კერძოდ:

  1. 30 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შემზღუდავი რეგულაციები გადავადდა და 1-ლი ნოემბრიდან არ ამოქმედდება. ამ დღეს კომერციული ბანკებისთვის სესხის გაცემის შემზღუდავი რეგულაციები უნდა ამოქმედებულიყო, მთლიანად საფინანსო სექტორისთვის კი – იანვრიდან. თუმცა, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს პროცესი გადავადდა და ამ დროისთვის ჯერ კიდევ პროექტის სახით არსებული დებულების გამარტივებაზე მიმდინარეობს მუშაობა. 28 ოქტომბრის არჩევნებამდე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ სესხებზე შეზღუდვები ხალხის ბანკებზე დამოკიდებულების შესამცირებლად წესდებოდა. სესხის გაცემის შემზღუდავი რეგულაციები კრიტიკის საგანი იყო ბანკების ასოციაციისა და რიგითი მოქალაქეების მხრიდან;
  2. წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი გახდა კანაფის კულტივაციის  შესახებ კანონპროექტი.  საპატრიარქოსა და საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი არ გაიწვია და მისი განხილვა მხოლოდ 2 თვით  გადაავადა. არჩევნების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობისგან “არა”, მათ შორის, მარიხუანის კულტივირების კანონპროექტის გამო მიიღო და მისი გაწვევა მოითხოვა. პარლამენტის თავმჯდომარისა და შს მინისტრის პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, 2 ნოემბერს, მთავრობა ასეც მოიქცა;
  3. 2 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 16 წლამდე სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება 50 ლარამდე გაეზრდებათ;
  4. მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივით, სამსახურის დაწყებისა და შემოსავლის გაჩენის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველებს მონეტარული სოციალური დახმარება – ერთი წლის, არამონეტარული დახმარება კი ორი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ;
  5. საქართველოს პროკურატურამ ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე 5 ნოემბერს ბრალი წარუდგინა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს. შემთხვევა, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს, 1.5 წლის წინ მოხდა, თუმცა ფარცხალაძე ამ დრომდე ბრალდებულად ცნობილი არ ყოფილა. ჯერ კიდევ 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი ამ საქმეზე ამბობდა, რომ “თორდია იყო მთვრალ მდგომარეობაში და არანაკლებ აგრესიულად იქცეოდა, ვიდრე ფარცხალაძე”.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს. მანამდე სახელისუფლებო ძალამ შესაძლებლობების სრული მობილიზება გამოაცხადა და თქვა, რომ პოლიტიკურ ცვლილებებს ორ ეტაპად – მეორე ტურამდე და გრძელვადიან პერიოდში განახორციელებს.

“სამწუხაროდ, 6 წელი აღმოჩნდა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე.

დღეს უკვე ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებლობას იღებს, რომ ერთი წლის განმავლობაში “გაასწორებს მართვის ყველა ხარვეზს და მთელ მის რესურსს გამოიყენებს, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს”.

“ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, თავისუფლების, ღირსების დასაცავად და ერთად შევძლებთ ადამიანზე ორიენტირებული, თანამედროვე საქართველოს შენებას”, – ამბობს ივანიშვილი 5 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი