პროკურორი აღიარებს, რომ “ომეგა ჯგუფის” საქმეზე ფარცხალაძე ამ დრომდე არ დაუკითხავთ

“ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე ამ დრომდე არ დაუკითხავს. პროკურორ ემზარ გაგნიძის თქმით,”ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით ყოფილი მთავარი პროკურორი აუცილებლად გამოიკითხება. მისივე თქმით, გამოძიების სპეციფიკიდან გამომდინარე გამომძიებელი თავად გადაწყვეტს, ვინ როდის დაკითხოს.

“ომეგა ჯგუფთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. ყველა იმ პირის შესახებ, რომლის ბრალეულობაც დადგინდება, ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება,”-აცხადებს პროკურორი.

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ოქუაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელთა შუამავალი სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი იყო,  “პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ” ტელეკომპანია “იბერიის” დათმობა მოითხოვეს. “პრობლემებში” იგულისხმება “ომეგა ჯგუფის” დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, რომელიც 50 მილიონს აჭარბებს.

ინტერვიუში, რომელიც 30 სექტემბერს “რუსთავი 2″-ს მისცა, ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ 4 მილიონის გადახდა პირადად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა. აღნიშნული თანხა კი მან “თი ბი სი ბანკიდან” გაიტანა. ხელისუფლების წარმომადგნელები ყველა ბრალდებას უარყოფენ და მიიჩნევენ, რომ ზაზა ოქუაშვილმა ყველაფერი იმისთვის მოიფიქრა, რათა თავი აარიდოს ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას.

ზაზა ოქუაშვილმა ასევე ისაუბრა ლევან ყიფიანზე, რომელიც მისი თქმით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ დასაჯა. “ჩააგდეს სარდაფში და მიაყენეს შეურაცხყოფა, კაცი თავის მოკვლას აპირებდა”, – ამბობს ოქუაშვილი.

ოქუაშვილის ამ განცხადებებს წინ უძღოდა სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული აუდიოჩანაწერები.

პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

“ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით 9 ოქტომბერს ყიფიანმა პროკურატურაში ჩვენება მისცა, რომელიც საგამოძიებო უწყებამ გაასაჯაროვა. ყიფიანის თქმით, მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერები, ოქუაშვილის თხოვნით, წინასწარ მომზადებული სცენარის მიხედვით მომზადდა, რათა ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს უცხოელი ბიზნესპარტნიორები დაერწმუნებინა, რომ კომპანია საქართველოს ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ იყო.

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ ფარცხალაძე ადასტურებს ლევან ყიფიანის მიერ ომეგა ჯგუფთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.